დაპირისპირებაა პარლამენტის სხდომათა დარბაზში, სადაც რუსული კანონის განხილვა უნდა განახლდეს. იმ დროისთვის, როცა ოპოზიციისა და უმრავლესობის წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა მედია დარბაზში ჯერ არ იმყოფებოდა.
"ფიზიკური ცემა-ტყეპაა.. მივიდა პაპუაშვილი იმიტომ რომ ხაბეიშვილისთვის ეთქვა, რომ წუხს, თიკამ უთხრა, რომ გასულიყო, იმიტომ რომ მათი წუხილი არავის სჭირდებოდა, დაიწყო შემდეგ ჩხუბი, მივიდნენ კაცები, ქალებს ესვრიან ბოთლებს, მიდის ფიზიკური ჭიდაობა, ამ ქვეყანაში აღარ არსებობს აღარც პარლამენტი, აღარც დემოკრატია", - თქვა სხდომათა დარბაზიდან გამოსულმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ.
სხდომათა დარბაზიდან Facebook-ზე ვიდეო გაავრცელა "ლელოს" დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა, სადაც ჩანს, რომ სიტყვიერი დაპირისპირების გარდა ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეხლა-შემოხლას.
"დარბაზში დაპირისპირება მოჰყვა იმას, რომ ჩვენ გავაპროტესტეთ ის ძალადობა, რომელიც ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ განახორციელა მიზანმიმართულად სადამსჯელო სპეცოპერაცია ქართულმა ოცნებამ და ამაზე აქვთ აგრესია", - თქვა დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ.