თბილისში სპეციალური ვიზიტით იმყოფება შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრი, იოჰან ფორსელი, რომელიც ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხვდება. მანამდე მან შეხვედრა გამართა პრეზიდენ სალომე ზურაბიშვილთან, სადაც ასევე ისაუბრეს რუსულ კანონზე.
მინისტრმა მედიასთან განაცხადა, რომ რუსული კანონის გამო შეშფოთებულები არიან და სწამთ, რომ ის არ შეესაბამება იმ თანამშრომლობას, რომელიც საქართველოსთან სურთ.
იოჰან ფორსელი ასევე შეხვდება პრემიერმინისტრს და ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა არსებული სიტუაცია და მომდევნო ნაბიჯები განიხილოს.
"ჩვენ საქართველოს ზურგს არ შევაქცევთ, ჩვენ გვინდა, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრი გახდეს, მაგრამ ასევე ჩვენ შეშფოთებულები ვართ ახალი კანონპროექტით, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობებს ზღუდავს. ჩვენ გვწამს, რომ ეს არ შეესაბამება იმ თანამშრომლობას, რომელიც გვქონდა და ასევე ჩვენს მოსაზრებებს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობასთან დაკავშირებით. ამიტომ, მე აქ ვარ იმისთვის, რომ შევხვდე პრემიერმინისტრს, პრეზიდენტს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას, რათა განვიხილოთ მიმდინარე სიტუაცია და მომდევნო ნაბიჯები. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ და უფრო ინტენსიურს გავხდით ჩვენს მხარდაჭერას, როგორც რეფორმების პროცესისადმი, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის.
მე ვერ ვუკარნახებ საქართველოს ხელისუფლებას, რა უნდა გააკეთოს, უბრალოდ ვიტყვი, რომ ჩვენ შეშფოთებულები ვართ კანონპროექტით, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებას. ჩვენ ვიხილეთ ტერმინები, როგორიცაა უცხო ძალა და მინდა გითხრათ, რომ შვედეთი არის საქართველოს მეგობარი. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი და ჰქონდეს ახლო ურთიერთობები არა მხოლოდ შვედეთთან, არამედ ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან", - განაცხადა ფორსელმა.