"რამდენჯერმე დამირეკეს, დამიბარეს...კანონსაწინააღმდეგო არაფერი გაგვიკეთებია" | რუსული კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს გამოკითხვაზე ახსნა-განმარტების გარეშე იბარებენ

გამოქვეყნდა:

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილეთა მიმართ ხელისუფლების რეპრესიები გრძელდება - მოქალაქეებს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის შენობაში გამოკითხვაზე იბარებენ. სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს მობილურზე ურეკავენ და ახსნა-განმარტებების გარეშე განყოფილებაში მისვლას სთხოვენ. თუმცა, უფლებადამცველები მათ ურჩევენ, რომ პოლიციაში არ მივიდნენ და მოსამართლის თანდასწრებით მათი გამოკითხვა მოითხოვონ.

"რამდენჯერმე დამირეკეს, დამიბარეს. ავუხსენი მე სიტყვიერად, რომ არ ვაპირებდი კრიმინალურ პოლიციაში მისვლას და თუ საჭიროება იყო, სასამართლოში დავებარებინე და იქ გამოვეკითხე. ამის შემდგომ კიდევ ერთი-ორჯერ დარეკეს და ბოლოს 2 პოლიციელი მოვიდა და ჩამაბარეს უწყება. თუ დამიბარებენ სასამართლოში მივალ, მაგრამ ჩვენ კანონსაწინააღმდეგო არაფერი გაგვიკეთებია, რასაც ვაკეთებთ ამას ქვეყნის სასიკეთოდ ვაკეთებთ. ჯერ ვიღაც კრიმინალებს დაარეკინეს, მერე კართან დახვდნენ ხალხს. რომ არ გაჭრა ამან და უფრო და უფრო მეტი ადამიანი გამოვიდა, ეხლა ჩარიეს უკვე საკუთარი მილიციაც და ცდილობენ, როგორღაც საკუთარ მოსახლეობაზე ზეწოლას და ფსიქოლოგიურ ძალადობას. მაგრამ ეს არ გამოუვათ," - ამბობს ლაშა დიაროვი, სამოქალაქო აქტივისტი.

აღნიშნულის შესახებ "მთავართან" საუბრობს კიდევ ერთი აქტივისტი, იგორ ნარმანია და ამბობს, რომ კრიმინალურ პოლიციაში გამოკითხვაზე მისვლაზე მანაც უარი თქვა.

"კრიმინალური პოლიციის ცენტრალური დეპარტამენტიდან დამირეკეს, რომ მიბარებენ განყოფილებაში. თუმცა, რა თქმა უნდა, მიიღეს პასუხი, რომ სასამართლოში გამოვცხადდები. რუსულმა ოცნებამ ვერ ისწავლა ქართველი ხალხის ხასიათი, რომ ის არ ჰგავს რუსებს არანაირად და პირიქით. რაც უფრო გააძლიერებს რუსული ოცნება რეპრესიებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ის მიიღებს და ვპირდები, რომ მიიღებს უფრო მეტ წინააღმდეგობას ქართველი ხალხისგან. რაც უფრო გააძლიერებს რეპრესიებს რუსული ოცნება, უფრო მალე დამარცხდება," - აცხადებს ნარმანია.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი