სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს "ქართული ქარტია" შესთავაზა. რას გულისხმობს მისი ეს ინიციატივა, გთავაზობთ ზურაბიშვილის ტექსტს სრულად:
"ქართულ ქარტიაში ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა, ის თავისი არსითა და სულისკვეთებით არის ასევე ემსახურება იმ მთავარი ნაბიჯების გადადგმას, რომლებსაც დღეს საზოგადოებისთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს. ნაბიჯები, რომლის შესრულების ვალდებულებას ამ ქარტიაზე ხელმომწერნი იღებენ ასევე ეხმიანება ევროპული რეკომენდაციის ცხრა პუნქტს.
ეს ნაბიჯებია:
ქვეყნის ევროპული კურსისთვის დამაზიანებელი კანონების გაუქმება.
დაუყოვნებლივ გაუქმდება ყველა კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ გზას და ევროპულ რეკომენდაციებს. კერძოდ, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი, ანუ რუსული კანონი. საარჩევნო კოდექსში შეტანილი მთელი რიგი ცვლილებები, ე.წ მოსმენების კანონი, ოფშორების კანონი და სხვადასხვა.
ასევე, გაუქმდება 2024 წლის პროტესტში მონაწილე დემონსტრანტების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეები და მიღებული იქნება ამნისტია.
მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლება და ნდობის აღდგენა მის მიმართ.
ეს რაც ამდენი ხანია ყველა ველოდებით. სასამართლოს გათავისუფლება. გავათავისუფლებთ კლანური მმართველობისგან, მოსამართლეთა კეთილსინდისიერების, დაუსაბუთებელი ქონების წარმომავლობის შემოწმების გზით. ეს შემოწმება შეეხება ყველა იმ მოსამართლეს, რომელთა პოლიტიკურად მოტივირებულმა გადაწყვეტილებებმა დააზიანა სასამართლოს მიმართ ნდობა და შელახა მისი რეპუტაცია. მგონი სახელები არ გჭირდებათ. შემოწმება შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უზენაესი სასამართლოს ყველა წევრს, საპელაციო და საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეებს.
შემოწმება შეეხება ასევე ყველა ახალ მოსამართლეს, სასამართლოს დაემატება ახალი მოსამართლეები, რაც აღმოფხვრის სასამართლოს გადატვირთულობას და საქმეთა განხილვის ვადების დარღვევას. სრულფასოვნად ამოქმედდება სასამართლოში საქმეთა ელექტრონული წესით განაწილების სისტემა, რათა გამოირიცხოს საქმეთა განაწილების პროცესში პოლიტიკური გავლენები. მოსამართლეებს არ შეეძლებათ მეორე ვადით ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება.
და ბოლოს, შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი გავაძლიერებთ ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს მანდატს და გავავრცელებთ მის უფლებამოსილებას მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმეებზედაც.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძირეული რეფორმა
ჩამოერთმევა ჭარბი უფლებამოსილება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და კერძოდ, ჩამოერთმევა დისციპლინური სამართალწარმოების უფლება, რაც მოსამართლეთა დევნის ბერკეტია. ჩამოერთმევა ადმინისტრაციული ორგანოების თავმჯდომარეების არჩევის უფლება, იუსტიციის სკოლა საბჭოსგან დამოუკიდებელი გახდება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესი შეიცვლება, საბჭო მხოლოდ შეამოწმებს კანდიდატებს კონსტიტუციით დადგენილი კრიტერიუმებით, ხოლო სიას სრულყოფილად წარუდგენს პარლამენტს, რომელიც აირჩევს მათ. საბჭოს წევრებს აეკრძალებათ სხვა ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება და ორჯერ არჩევის შესაძლებლობა. საბჭოში, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე გავლენა ექნებათ არა მოსამართლე წვერებს, რეფორმების სხვა პრიორიტეტული ნაბიჯები შეეხება პირველ რიგში პროკურატურას. გენერალური პროკურორი, უკვე ახლა ალბათ, აირჩევა მაღალი ქვორუმით და მხოლოდ ერთი ვადით.
საპროკურო საბჭო გაძლიერდება. სუსი და შსს ძალაუფლების დეკონსტრაციის მიზნით ჩატარდება სუს-ის და შსს-ს ძირეული რეფორმა. თითოეულის საქმიანობაზე დამყარდება ეფექტური საპარლამენტო კონტროლი, რომელიც დაიცავს მათ პოლიტიკური გავლენებისგან. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გავაძლიერებთ და მივანიჭებთ რეალურ დამოუკიდებლობას, რათა დაიცვას მოქალაქეთა უფლებები, სამართალ დამცავების მხრიდან ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე.
ანტიკორუფციული სააგენტო, გამოვყოფთ აღმასრულებელი ხელისუფლებისგან და მივანიჭებთ რეალურ ბერკეტებს. პირველ რიგში, აღჭურვილი იქნება კორუფციულ საქმეებზე საგამოძიებო უფლებამოსილებით, რაც დღეს არ გააჩნია. სააგენტოს ხელმძღვანელს აირჩევს საქართველოს პარლამენტი და ის ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტის წინაშე.
ეროვნულ ბანკს დავუბრუნებთ დამოუკიდებლობას. საბჭოს წევრთა რაოდენობის გაზრდით და აღმასრულებელ და არა აღმასრულებელ წევრთა შორის ბალანსით. გამოირიცხება ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა და გაუქმდება ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის მიერ ერთპიროვნულად მიღებული ბრძანება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს.
მარეგულირებელ ორგანოებს გავათავისუფლებთ პოლიტიკური გავლენებისგან და დამოუკიდებელი ხელმძღვანელები დაინიშნებიან დემოკრატიული წესით.
და ბოლოს, საარჩევნო სისტემის გაჯანსაღება, რომელიც აუცილებელია, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებისთვის, შეიქმნება სათანადო პირობები. დაიხვეწება ცესკოს თავმჯდომარის არჩევის და ცესკოს დაკომპლექტების წესი, დაიწევა ბარიერი, აღდგება ბლოკების შექმნის შესაძლებლობა, გადაიხედება პარტიების დაფინანსების წესი და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ყველა თქვენთვის, დარწმუნებული ვარ, დიასპორებს მიეცემა არჩევნებში შეუფერხებლად მონაწილეობის შესაძლებლობა.
ამ ყველაფრით ახალი პოლიტიკური რეალობა შეიქმნება და ბოლოს ჩვენ, ანუ ამ ქარტიაზე ხელის მომწერნი, ვინც 2024 წელს 26 ოქტომბერს, არჩევნებზე ქართველი ხალხისგან მივიღებთ მანდატს, ვიღებთ ვალდებულებას და ვდებთ პირობას, რომ შევასრულებთ ამ ქარტიაში ჩაწერილ პირობებს პირველივე საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე და შესრულებისთანავე მომზადდება და ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან პირობებში და გარემოში. ასევე ვდებთ პირობას, რომ მთავრობა, რომელიც ამ სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე იქნება პასუხისმგებელი წარდგენილი იქნება საქართველოს პრეზიდენტის მიერ და ჯერ კიდევ ვიქნები პრეზიდენტი," - განაცხადა ზურაბიშვილმა.