იდენტიფიცირებულია ყველა, ვინც ბაბაევს სავარაუდოდ იარაღი ჩაუდო | ბიზნესმენი ამბობს, რომ მისი მანქანის ლუქი ახსნილია და მტკიცებულებები ნადგურდება

გამოქვეყნდა:

იოსებ ბაბაევის წინააღმდეგ ჩატარებულ სპეცოპერაციას შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელი, ვალერი თელია, ამავე უწყების მაღალჩინოსანი, არჩილ ბარამაშვილი (მეტსახელად "ტლაპო") და შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის დეტექტივების სამმართველოს უფროსი, შალვა ჯინიყაშვილი (მეტსახელად "წიწილა") ხელმძღვანელობდნენ.

სწორედ ამ მაღალჩინოსნების დავალებით გაუსწორდნენ ბაბაევს და ჩაუდეს იარაღი ავტომობილში, რომელიც, ამ დროისთვის, შიდა ქართლის პოლიციის მიმდებარედ არის გადაყვანილი.

"მთავარი არხის" ხელშია ავტომობილის კადრები, სადაც ჩანს, რომ მანქანა დაზიანებულია და ლუქები რამდენჯერმეა ახსნილი. ადგილზე მისულ იოსებ ბაბევს მანქანის ლუქი დახვდა ღია. მისი თქმით, ეს ნებისმიერ ადამიანს აძლევს საშუალებას, რომ მანქანაში რამე ჩადონ. ავტომობილის მინებს ეტყობა ნაკაწრებიც,რაც მიუთითებს, რომ ისინი მინების ჩამსხვრევას ცდილობდნენ. 

ბაბაევი დღეს საკუთარ მანქანასთან მივიდა და დაზიანებული ლუქი გადაიღო. მას ადგილზე მისი საქმის მონაწილე პოლიციელები დახვდნენ.  

"შეგნებულად ანადგურებენ მტკიცებულებებს, მანქანა აყენია არა საჯარიმო ადგილას, არამედ პოლიციის უკანა მხარეს, მიგდებულ ადგილას, კამერების გარეშე. იქ ნებისმიერი ადამიანი შეიძლება მივიდეს და ათასი რამე გააკეთოს. მიუხედავად იმისა, რომ მანქანა ვითომდა დალუქულია, ლუქი არის ღია" ამბობს ბიზნესმენი და აქტივისტი.

ბაბაევი ითხოვს შიდა ქართლის სამხარეო უფროსის, ვალერიან თელიას გადადგომას და ამბობს, რომ სწორედ მან გასცა უკანონო დაკავების ბრძანება.

იოსებ ბაბაევი 5 ივნისის ღამეს დააკავეს. პოლიციამ მას ჩასაფრება იმ ტერიტორიაზე მოუწყო, რომელიც სათვალთვალო კამერებით არ კონტროლდება. მას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებოდნენ, თუმცა უფლებადამცველისა და მეგობრების ინფორმაციით, რუსული წარმოების "მაკაროვი" და "კალაშნიკოვი" მანქანაში ბაბაევს პოლიციელებმა ჩაუდეს. 

როგორც ირკვევა, ბაბაევს წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია, რომ შსს მისთვის საქმის შეკერვას გეგმავდა, რის გამოც, საკუთარ ავტომანქანაში წინასწარ 12 სათვალთვალო კამერა დააყენა. სწორედ ამ კამერებზეა სავარაუდოდ დაფიქსირებული პოლიციელების უკანონო ქმედებები. არ არის გამორიცხული არსებობდეს კონკრეტული ვიდეომასალა, სადაც ჩანს, როგორ ჩადო პოლიციამ იარაღი ბაბაევის მანქანაში.

ბაბაევი დიდ მხილებას აანონსებს და ამბობს, რომ ამ კამერებმა სამართალდამცველების უკანონო ქმედებები დააფიქსირა. ის აპირებს მოაწყოს კადრების  საჯარო ჩვენება. 

6 ივნისს, მოსამართლე ლევან დარბაიძემ ბაბაევის წინააღმდეგ ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედება უკანონოდ ცნო, ხოლო მიღებული ინფორმაცია დაუშვებლად.  ბაბაევმა საპატიმრო იმავე დღეს დატოვა

იქამდე კი სასამართლო პროცესზე დეტალურად ისაუბრა იმ არაადამიანურ მოპყრობაზე, რომელსაც სამართალდამცველების მხრიდან დაკავებისა და განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ ჰქონდა ადგილი. ფიზიკური ძალადობის კვალი ბაბაევის სახეზეც ეტყობა. 

ბაბაევს ანტირუსული აქციების აქტიური მონაწილეა, არის  ანტისაოკუპაციო რესტო ბარის მფლობელი და ხშირად აგზავნის ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინაში მებრძოლი ქართველებისთვის. 

ახლობლები ამბობენ, რომ სწორედ ამ პოზიციის გამო გახდა ბაბაევი ხელისუფლებისა და მისი მორჩილი პოლიციის სამიზნე. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი