
საფინანსო შეზღუდვები შესაძლოა უკვე ამოქმედდეს - "მთავარი არხისთვის" ცნობილი ხდება ერთ-ერთ პირველი შეზღუდვა, რომელიც ძალაში შევა. ლაპარაკია ამერიკულ სანქციებზე საფინანსო სფეროში. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლებას ფაქტობრივად შეუჩერა შესყიდვები, რომლებიც გრანტის სახით მიღებული თანხით უნდა განხორციელებულიყო.
ლაპარაკია 13 მილიონ დოლარზე, რითაც საბაჟო სამსახურისთვის თანამედროვე აპარატურის შეძენა იგეგმებოდა, რომელიც ტვირთბრუნვასა და უსაფრთხოების დონეებს გაზრდიდა. შესყიდვა რეალურად შეჩერებულია . შემოსავლების სამსახურში ამტკიცებენ, რომ არაფერი იციან, და შეტყობინებას ვაშინგტონიდან ელოდებიან.
ცნობილია, რომ შეერთებული შტატების ელჩი შემოსავლების სამსახურში ვიზიტით 14 აპრილს იმყოფებოდა და სახელმწიფო დეპარტამენტის საზღვრის უსაფრთხოებისა და ექსპორტის პროგრამის ფარგლებში საქართველოსთვის გამოყოფილი 13 მილიონ დოლარიანი დახმარების პაკეტი გადასცა. ამ თანხით ჩვენი ქვეყნისთვის ულტრათანამედროვე აპარატურა, მათ შორის სკანერები უნდა შეძენილიყო, რომლებიც ქვეყნაში ტვირთბრუნვას და შესაბამისად ეკონომოკას გააუმჯობესებდა და გაზრდიდა.
თუმცა აქედან ორ თვეში "ქართულმა ოცნებამ" არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, პუტინის რუსული კანონი მიიღო და ღიად თქვა, რომ პარტნიორების დახმარება არაფერში სჭირდება. რუსული სტილის მმართველობის შესაჩერებლად შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის პოლიტიკა დაანონსა. "მთავარის" წყაროს ინფორმაციით, ამ პოლიტიკის გადახედვის პირველი შედეგები სწორედ სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ეთი ყველაზე ბოლო, ანუ საბაჟოს პაკეტს უკვე შეეხო და სკანერების შესყიდვა გაჩერდა. ბლინკენის გადახვედვის პოლიტიკა მეილზე დაგვიდასტურეს საელჩოში. რაც შეეხება შემოსავლების სამსახურს, მათი თქმით შესყიდვების შეჩერებაზე არაფერი იციან.
"მთავარის" ინფორმაციით, შემოსავლების სამსახური ოფიციალურ პასუხს შეერთებული შტატებიდან უკვე მომდევნო კვირას მიიღებს. "ქართული ოცნების" რუსული კანონით დამდგარი შედეგები კი ქვეყანაში უფრო დამძიმდებოდა. ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი განიხილავს ფინანსური დახმარების გადახედვას ყველა მიმართულებით, მათ შორის პირველები სწორედ სახელმწიფო სტრუქტურები დაზარალდებიან, რადგან დასავლეთის კონტრიბუცია სახელმწიფო ინსტიტუტებში კოლოსალურია.
ავტორი: ზურა პეტროსიანი