ნაცემი ოპონენტები, აქტივისტები და დიპლომატები | ბოლო კვირების ძალადობის ყველა ფაქტი გამოუძიებელია

გამოქვეყნდა:

დამნაშავეების მფარველობა ქართული ოცნების პოლიტიკის ნაწილი ხდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აკეთებს არაფერს იმ მოძალადეების გამოსავლენად და დასაკავებლად, ვინც ბოლო კვირების განმავლობაში თავს დაესხა პოლიტიკურ და სამოქალაქო ლიდერებს და სასტიკად სცემა მათ. 

უმძიმესი დაზიანებებით საავადმყოფოებში მოხვედრილი პოლიტიკოსები, დიპლომატები, აქტივისტები ამ დრომდე გამოძიების შედეგებს ელოდებიან - მაგრამ უშედეგოდ. მიუხედავად ვიდეო-კამერების ჩანაწერებისა და თვითმხილველების ჩვენებების არსებობისა, პოლიცია ჯერ არავის კვალზე გასულა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ათობით საქმე დევს, რომელზეც გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით არის დაწყებული. საგამოძიებო უწყებიდან სხვა ოფიციალური ინფორმაცია არავის აქვს, მათ შორის არც დაზარალებულებს. ნაციონალური მოძრაობის წევრს დიმიტრი ჩიქოვანს  და დიპლომატ გია ჯაფარიძეს საცხოვრებელ სახლებთან 8 მაისს დახვდნენ და სასტიკად სცემეს. კლინიკიდან გადაცემული შეტყობინების თუ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციების მიუხედავად,  არცერთ შემთხვევაში გამოძიება მაშინვე არ დაწყებულა.  გია ჯაფარიძეზე თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრები, მისივე კორპუსიდან პოლიციელებმა გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით ამოიღეს, მაგრამ ერთი თვე გავიდა და ჯერ არც დაკავებული და სავარაუდოდ არც იდენტიფიცირებული არავინაა. 

საჯაროდ გავრცელდა დიმიტრი ჩიქოვანზე თავდასხმის კადრები, თუმცა  როგორც მისთვის არის ცნობილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურად ეს ჩანაწერები არ ამოუღია. ნაციონალური მოძრაობის წევრს მომხდარიდან ერთი კვირის შემდეგ დაუკავშირდნენ, გამოძიება დაიწყეს და მისი  გამოკითხვის შემდეგ პოლიციას, სავარაუდოდ აღარაფერი გაუკეთებია. 

ერთი თვის წინ დაესხნენ თავს გირჩი-მეტი თავისუფლების წევრს. ბორის ჩელე ყურუასაც საცხოვრებელ სახლთან ე.წ ტიტუშკებმა სცემეს. ამ შემთხვევაშიც, ფორმალურად დაიწყო გამოძიება.

ერთ-ერთი აქციის დროს დააკავეს და სასტიკად სცემეს გურამ ადამია. აქტივისტი სასამართლომ კანონდამრღვევად ცნო, მაგრამ მასზე მოძალადე არცერთი სამართალდამცველი ამ დრომდე იდენტიფიცირებულიც კი არ არის. უცნობია რა ეტაპზეა დავით ქაცარავას ცემის საქმეც.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა კიდევ 137 შემთხვევაზე უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების მუხლით დაიწყო გამოძიება, მაგრამ ერთი თვის შემდეგაც შედეგი 0-ია. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი