მაჩალიკაშვილის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას მთავრობა დემონსტრაციულად არ აღასრულებს | SJC

გამოქვეყნდა:

საქართველოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებას, რომ მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე გამოძიების განახლებას, "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" პასუხობს, რომელიც მაჩალიკაშვილების ოჯახის ინტერესებს იცავს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სპეციალური საგამოძიებო  სამსახურის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და ის აგრძელებს, ამ საქმეზე უსამართლო, არაეფექტიანი და პოლიტიზირებული მართლმსაჯულების ტენდენციას. 

"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ეს გადაწყვეტილება მიიღო ისე, რომ დაეყრდნო  მხოლოდ თბილისის პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიების მასალებს და  თავად არ უწარმოებია ყოველმხრივი, სრული და დამოუკიდებელი გამოძიება.

ამ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებას სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 1 წელი მოანდომა.  ამ პერიოდის განმავლობაში, უწყებას არც ერთი  ჩვენი შუამდგომლობისთვის და განცხადებისთვის არ უპასუხია. ამასთან, უწყებამ არც თემილან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები გამოკითხა.

ინფორმაცია გამოძიებაზე უარის შესახებ ცნობილი გახდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ფეისბუქ გვერდიდან. ამ საქმეზე უწყების მუშაობის მანერა, თავის მხრივ, მისი პოლიტიზირებისა და მიუკერძოებლობის პრობლემას აჩვენებს." აცხადებს ორგანიზაცია.

შეგახსენებთ, 2024 წლის 11-14 მარტს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეების აღსრულების საკითხი განიხილა, რომელშიც მაჩალიკაშვილის საქმეც არის გაერთიანებული.

კომიტეტმა სახელმწიფოს მოუწოდა, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სწრაფად განიხილოს მაჩალიკაშვილის საქმის მასალები ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების დასკვნების შესაბამისად და კომიტეტს და გარდაცვლილის ოჯახს აცნობოს გამოძიების განახლების გადაწყვეტილების შესახებ. ამ საქმის აღსრულების ზედამხედველობის შემდეგი განხილვა კი მინისტრთა კომიტეტმა 2025 წლის შეხვედრებზე ჩანიშნა. 

საქართველოს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საპასუხო განცხადება 18 ივნისს გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ხელახალი გამოძიების ჩატარების აუცილებლობა არ არსებობს და  ვერ იქნება გონივრული.

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" გეგმავს მყისიერად მიმართოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს, რათა მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოიცეს შუალედური რეზოლუცია მიმდინარე წლის სექტემბერში დაგეგმილი კომიტეტის სხდომაზე.  

კომიტეტთან კომუნიკაციაში "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" მათ შორის მოითხოვს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 46-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებას, რომელიც კომიტეტს აძლევს შესაძლებლობას თავად მიმართოს ევროპულ სასამართლოს სახელმწიფოს მხრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ვალდებულების დარღვევის დასადგენად. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი