Post Factum: ნაკრების კაპიტანი და 4 მორაგბე დოპინგ სკანდალში ფიგურირებენ, საუბარია ანალიზების გაყალბების მცდელობაზეც

გამოქვეყნდა:

რაგბი რომ ჩვენი თამაშია, ჩვენი ნაკრების დამსახურებით მთელმა მსოფლიო გაიგო, თუმცა სპორტის ეს წარმატებული სახეობა მნიშვნელოვნად დააზარალა პოლიტიკურმა ჩარევებმა, კლანურმა მმართველობამ და პირადი ხასიათის ანგარიშსწორებებმა. ქართული რაგბი უმძიმესი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა.  

საქმე იმაშია, რომ რამდენიმე ბორჯღალოსანი, მათ შორის ნაკრების კაპიტანი დოპინგ სკანდალშია გახვეული. აქვე უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ამ თემაზე საუბრისგან ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვიკავებდით თავს. რადგან 1. არ გვინდა დავარღვიოთ უდანაშაულობის პრეზუმფცია, 2. თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე ვცდილობდით რამდენიმე წყაროსთან გადაგვემოწმებინა და დაგვედასტურებინა ის ვერსიები, რაზეც რაგბის გასახდელებში დიდი ხანია საუბრობენ. 

"პოსტ ფაქტუმისთვის" ახლა უკვე დადასტურებულად ცნობილი ხდება,  რომ გამოძიებას უშუალოდ მსოფლიო რაგბის ფედერაცია აწარმოებს, საქმე კი ეხება არა მხოლოდ აკრძალული მედიკამენტების მიღებას, არამედ ანალიზების მიზანმიმართულად არევას. ეს კი კიდევ უფრო მძიმე კატეგორიის დარღვევაა.  პრობლემის სათავე კი სწორედ ნაკრებისა და ფედერაციის მენეჯმენტში უნდა ვეძებოთ, რომელიც უშუალოდ არის პასუხისმგებელი მორაგბეების ჯანმრთელობასა და საწვრთნელ მომზადებაზე.

2024 წლის 5 ივლისს ბათუმში ზაფხულის ტესტ სერიის პირველი მატჩი, საქართველო-ფიჯი შედგა. კუნძულელებმა ბორჯღალოსნებს სამი ლელო გაუტანეს და გამარჯვებაც განსაკუთრებული პრობლემების გარეშე მოიპოვეს. მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, რიჩარდ კოკერლის გადაწყვეტილებით შერკინება ისევ  "ბორჯღალოსნების" გადახალისებული შემადგენლობით წარიმართა. მოედანზე ისევ არ გამოჩენილა გუნდის კაპიტანი - მერაბ შარიქაძე. 

თითქმის 2 თვეზე მეტია გუნდის კაპიტანი და 4 წამყვანი მორაგბე მოედანზე არ გამოჩენილან. არადა გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე , ასევე ბორჯღალოსნები გიორგი ჭყოიძე, ოთარ ლაშხი, ირაკლი მოდებაძე და ლაშა ხმალაძე გუნდისთვის წამყვან ძალას წარმოადგენენ და მათი დასვენება მსოფლიო ჩემპიონატის წინამოსამზადებელ  სატესტო შეხვედრებში ნამდვილად საეჭვოდ გამოიყურება,  რასაც ნაკრების ბრიტანელი მწვრთნელი ასე ხსნის: - "გარკვეული მიზეზების გამო მერაბ შარიქაძე არ იყო ჩვენთან ერთად. ასევე გვაკლდნენ სხვა წამყვანი მოთამაშეები სხვადასხვა მიზეზის გამო. ეს მიზეზები კონფიდენციალურია"

იმას რასაც კოკერლი კონფიდენციალურ ინფორმაციას უწოდებს,  სავარაუდო დოპინგ სკანდალია,  რომელზეც მოკვლევა რამდენიმე კვირაა რაგბის მსოფლიო კავშირმა დაიწყო. 

თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე " პოსტ ფაქტუმი"  საქართველ-ფიჯის თამაშს და შეხვედრაზე ნაკრების წამყვანი ბირთვის გამოჩენას ელოდებოდა. ამ მორაგბეების არყოფნამ დაადასტურა ის ინფორმაცია, რაც რაგბის კულუარებში დიდი ხანია განხილვის თემაა. ამ ინფორმაციის მიხედვით, ეროვნული ნაკრების კაპიტანი და კიდევ 4 ბორჯღალოსანი დოპინგ სკანდალში ფიგურირებენ, რაც შარდის ანალიზებით მანიპულაციებს უკავშირდება. ეს კიდევ უფრო მძიმე დარღვევაა, ვიდრე მხოლოდ აკრძალული პრეპარატების მიღება. 

ინფორმაცია სავარაუდო დოპინგ სკანდალზე გამოჩნდა ფრანგულ მედია სივრცეშიც. ფრანგმა სპორტულმა ჟურნალისტმა გუტიერ ბოუდინმა საქართველო-ფიჯის თამაშამდე  ერთი დღით ადრე დაწერა -  "არსებობს სერიოზული ეჭვები ქართველი მორაგბეების მიერ დოპინგის მიღებასა და ანალიზების გაყალბების მცდელობაში". 

"თავდაპირველად მსგავს ინფორმაციას რაგბის ფორუმებზე გადავაწყდი, ამის შემდეგ ვცადე ჩემს ქართულ წყაროსთან ამ ინფორმაციის გადამოწმება. მან დამიდასტურა რომ ეს სიმართლეა. საუბარი იყო არა მხოლოდ დოპინგზე, არამედ ანალიზების გაყალბების მცდელობაზე, რადგან ჩემი ინფორმაციით საქართველოდან ერთი და იგივე სპორტსმენის 3 სხვადასხვა ანალიზი გააგზავნეს რამაც ეჭვები გააჩინა. ამის შემდეგ ვცადე ამ ინფორმაციის მეორე წყაროსთან გადამოწმებაც და მხოლოდ ამის შემდეგ დავწერე ტვიტი ჩემს სოციალურ ქსელში" - ამბობს  გუტიერ ბოუდინი.

ბორჯღალოსნები საკუთარი ინიციატივით სატესტო ნიმუშებს  კვლევაზე ვერ გადააგზავნიდნენ, მით უფრო თუ ეს რამდენჯერმე მოხდა. ეს ნაკრების სამედიცინო შტაბის კომპეტენციაა, ისევე როგორც მოთამაშეთა საკვები დანამატებითა თუ  საჭირო მულტივიტამინებით უზრუნველყოფა. პოსტ ფაქტუმის ინფორმაციით, რაგბის მსოფლიო კავშირში დაწყებული გამოძიების გამო, ნაკრების სამედიცინო შტაბს მისი მთავარი ექიმი ჩამოაშორეს.  არც ერთ კრიტიკულ კითხვაზე ნაკრების ექიმს პასუხი არ აღმოაჩნდა, მათ შორის არც იმაზე, აგრძელებს თუ არა ის ბორჯღალოსნებთან მუშაობას.

სად არის და რატომ ვერ ეხმარება მის გუნდს? - ნაკრების კაპიტანი მერაბ შარიქაძე კითხვებს ღიად ტოვებს, თუმცა ირიბად ადასტურებს დოპინგ-სკანდალს და გვაიმედებს რომ მალე ყველაფერი გაირკვევა - "ბოდიში უნდა დაგემშვიდობოთ, ვერ გეტყვით ვერაფერს. იმედია ყველაფერი მალე გაირკვევა" - ამბობს ის "პოსტ ფაქტუმთან" მცირე სატელეფონო კომენტარში. 

რაგბის ეროვნული ფედერაცია როგორც ჩანს ახლა პასუხებს მსოფლიო რაგბის კავშირისგანაც ელოდება, რადგან დოპინგ-სკანდალის დადასტურების შემთხვევაში ქართულ რაგბს დიდი პრობლემები შეექმნება. თუმცა კითხვების ადრესატი ამ შემთხვევაში ბორჯღალოსნებზე მეტად თავად ფედერაცია გახდება, რადგან დოპინგის მიღება დანაშაულის მხოლოდ ერთი ნაწილია, რომელიც მოკლე ვადით დისკვალიფიკაციით ისჯება, თუმცა როდესაც ეროვნული ფედერაციის მიმართ ჩნდება კითხვები ანალიზების გაყალბების მცდელობაზე- სასჯელი და რეპუტაციული ზიანიც აღურაცხელად დიდია. 

"სიტუაციაში გასარკვევად მე წერილით მსოფლიოს ანტი-დოპინგურ სააგენტოს მივმართე. პასუხი რომელიც მივიღე მეტად უცნაურია- ჩვენ არ ვაპირებთ ამ სპეკულაციებზე პასუხის გაცემას და შემდგომ რაგბის მსოფლიო ფედერაციაში გადამამისამართეს. კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს არც რაგბის ეროვნული ფედერაცია რაც ასევე უცნაურია. იმედია ეს ამბავი მალე გაირკვევა და გამოჩნდება რა მოხდა სინამდვილეში." - ამბობს ფრანგი ჟურნალისტი.

პავლე კასრაძის, ანტი-დოპინგური სააგენტოს ხელმძღვანელის მონაყოლით ირკვევა, რომ მსოფლიო რაგბი აწარმოებს გამოძიებას საქმეზე - ვინ და რა მიზნით სცადა ბორჯღალოსნების ნიმუშების შეცვლა, რაც ორმაგი დარღვევაა და გრძელვადიან დისკვალიფიკაციასაც ითვალისწინებს დადასტურების შემთხვევაში. 

როგორ აღმოჩნდა დოპინგ სკანდალში გახვეული სპორტის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახეობა - პასუხები ნაკრების პრესსამსახურში არ აქვთ, სადაც რამდენიმე დღიანი სპეკულაციის შემდეგ მოუწიათ ამ მძიმე ფაქტის აღიარება.

"მთავარ არხს" ფედერაციიდან დაუდასტურეს, რომ  გამოძიებას საკითხზე მსოფლიო რაგბის  ფედერაცია და მსოფლიოს ანტი-დოპინგური სააგენტო აწარმოებს. მის დასრულებამდე კი ნებისმიერი ინფორმაცია კონფიდენციალურია.

"პოსტ ფაქტუმმა" მსოფლიო რაგბის ფედერაციასაც მიმართა, სადაც გვიპასუხეს, რომ "როდესაც დრო მოვა, საზოგადოება ყველაფერს გაიგებს". 
 

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი