ზედაპირული კითხვები იყო, თვალში ვეჩხირებით ხელისუფლებას უკრაინაში მებრძოლები | სასამართლოში ლაშა ჭიღლაძე გამოკითხეს

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ლაშა ჭიღლაძე გამოკითხეს. საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს, რის გამოც ვერც სამხედრო მოსამსახურე და ვერც მისი ადვოკატი დეტალებს ვერ ყვებიან. ლაშა ჭიღლაძეს მხოლოდ ის უთხრეს, რომ საქმე სახელმწიფო გადატრიალების მუხლით ერთი წლის წინ აღიძრა.

"ახლა მითხრეს, რომ 1 წლის წინ დაწყებულა გამოძიება სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით და მაგაზე ჰქონდათ რაღაცა კითხვები, მაგით შემოიფარგლნენ, როდის წავედი როდის ჩამოვედი უკრაინაში, რაღაც ეგეთი, ზედაპირული კითხვები იყო. თვალში, რომ ვეჩხირებით ხელისუფლებას უკრაინაში მებრძოლები, თუ ის გმირი ბიჭები ვინც იქ არიან. პასუხი არ გვაქვს, ვერავის ვერაფერს ვეტყვით, არ ვიცი რას გვედავებიან, რას გვაბრალებენ, რატომ გვიბარებენ აქ, არ გვაქვს პასუხი," - განაცხადა ჭიღლაძემ.

უფლებადამცველების თქმით, ის ბრალდებები და ის კითხვები, რომელიც ჰქონდათ დღეს მაგისტრანტ მოსამართლეს და ბრალდების მხარეს (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს), ლაშა ჭიღლაძის უკრაინაში ჩასვლას და იქ ქართველ თანამებრძოლებთან ერთად ყოფნის ეპიზოდს შეეხებოდა. ადვოკატის განცხადებით, აღნიშნული საქმე აბსურდულია.

"მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ არავითარი სამართლებრივი ანალიზი არ სჭირდება ამ საქმეს და ვერც შევა სამართლებრივ ანალიზში. აღნიშნული საქმე არის პირდაპირ პოლიტიკური და შეაფასოს ხალხმა რატომ. ლაშა ჭიღლაძე ომობდა უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ, მას აქვს მხედრული მამაცობისთვის ჯილდო გადაცემული, ერთეულ ადამიანებს აძლევენ ამ ჯილდოს და დღეს ეს ადამიანი დაბარებული არის სასამართლოში. მე, აღნიშნულ საქმეში, დეტალებში არ შევალ. მაგრამ, რომც მინდოდეს შესვლა და მინდა რომ შევიდე ხომ გრიფით საიდუმლო დაადო სუს-მა, რადგან არ სურთ, რომ საჯაროდ ვილაპარაკოთ ამ აბსურდულ საქმეზე. მაგრამ, მე შემიძლია შეფასება გითხრათ, რომ აღნიშნული საქმე არის აბსურდული, არავითარი კავშირი არ აქვს კანონთან და ლაშა დღეს იმიტომ არის დაბარებული, რომ იბრძოდა უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ," - განაცხადა ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებელმა, დავით ქაცარავამ განაცხადა, რომ მუხლი, რომელიც ლაშა ჭიღლაძეს წაუყენეს აბსურდულია და მსგავსი ბრალდებები სხვა ადამიანების მიმართ კიდევ გაგრძელდება.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი