უკრაინაში, ოკუპანტების წინააღმდეგ მებრძოლ ქართველებს სუს-ი გამოკითხვაზე იბარებს

გამოქვეყნდა:

უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი კიდევ ორი ქართველი სამხედრო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხვაზე დაიბარა. ნადიმ ხმალაძისა და ვაჟა ცეცაძის "ხელისუფლების გადატრიალების მცდელობის" საქმეზე გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით შედგება.

გამოკითხვაზე დაბარებულები საქმის დეტალებზე ვერ საუბრობენ, ვინაიდან სუს-მა მას გრიფით საიდუმლო დაადო. ხმალაძემ და ცეცაძემ არც იციან რა კავშირი აქვთ მათ აღნიშნულ საქმესთან. დაბარებულებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისვლაზე უარი განაცხადეს, შესაბამისად მათ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხავენ

"ტერორიზმის ხელშეწყობა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, ამასთან დაკავშირებით გიბარებთ დაკითხვაზეო. უბრალოდ ვუთხარი, რომ მე არ გამოვცხადდები და მაგისტრ მოსამართლესთან ერთად შემიძლია მოვიდე დაკითხვაზე. კი ბატონოო მითხრეს. ველოდები, რაღაც ქაღალდზე ხელი უნდა მოვუწერო, ალბათ ოქმზე, რომ არ დავეთანხმე სუს-ში მისვლას. რას ვუკავშირებ, ყველამ კარგად იცის, რასაც ვუკავშირებ. ტერორისტული ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლაში, ალბათ ერთი და მეორე, ჩემ აქტიურობას ამ რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ," - განაცხადა ხმალაძემ.

აგვისტოს ომის მონაწილე ვაჟა ცეცაძე ამბობს, რომ არ იცის რასთან დაკავშირებით იბარებენ და ისიც ვარაუდობს, რომ ეს მის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირდება:

"დამიკავშირდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან და მითხრეს, რომ გამოკითხვაზე ვიყავი დაბარებული. რომ ვკითხე რასთან დაკავშირებით? მითხრა, რომ შეთქმულება, რაღაც სახელმწიფო გადატრიალების რაღაც, არ ვიცი. მეტს ვერაფერს გეტყვიო მითხრა, საქმეს გრიფი ადევსო. მე და ჩვენი ბიჭები რა შუაში ვართ საერთოდ ამ საქმესთან, ნუ მე ამ ყველაფერს ძირითადად ვაბრალებ პოლიტიკურ აქტივობას. უბრალოდ ვერ ვიფიქრებ, რომ მე მედება ბრალი იმიტომ, რომ საერთოდ აზრზე არ ვარ რაზეა საუბარი, რასთან დაკავშირებით არის გამოკითხვა," - ამბობს ცეცაძე.

შეგახსენებთ, რომ მანამდე იმავე მუხლით გამოკითხვაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში იმყოფებოდა, ასევე უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ლაშა ჭიღლაძეც. მას სიმამაცისთვის მედალიც აქვს მოპოვებული. უფლებადამცველი, ლაშა ტყეშელაძე განმარტავს რომ საქმეს რეალური სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი