დასავლეთთან დისტანცირების პარალელურად ქართული ოცნება კრემლის ნარატივის გამტარებელ ჩინეთთან დაახლოებას სულ უფრო მეტად ცდილობს. ჩინეთს უკვე ჩააბარეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პროექტი - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, ჩინური მხარე დაინტერესებას გამოთქვამს ვაზიანის აეროპორტის პროექტზეც. განცხადება ამის შესახებ ჩინეთის ელჩმა საქართველოში, პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ გააკეთა
კითხვაზე, ექნება თუ არა ჩინურ მხარეს ვაზიანში ახალი აეროპორტის პროექტის მიმართ ინტერესი, ჭოი ციენიმ აღნიშნა:
„რა თქმა უნდა, ჩინეთის ინდუსტრიალიზაცია ისეთ დონეზეა, რომ ბევრ ქვეყანას აქვს ინტერესი მასთან თანამშრომლობის. როგორც აღვნიშნე, საქართველოს ხელსაყრელმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ მრავალი ჩინური კომპანიის ყურადღება მიიპყრო. შესაძლებლობა თუ იქნება, ვიმედოვნებთ, ორ მხარეს შორის ახალი თანამშრომლობაც შედგება ამ პროექტზე. იმედი გვაქვს, შედგება“. ამბობს დიპლომატი.
პარალელურად შეერთებული შტატები ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს, რომელიც ჩინეთში იმ კონკრეტული სუბიექტების წინააღმდეგ იქნება მიმართული, ვინც უკრაინაში რუსეთის ომს ხელს უწყობენ.
შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" ხელისუფლების გადაწყვეტილებით, თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება. მილიარდიანი პროექტი 4 წელიწადში დასრულდება. ახალი აეროპორტის მშენებლობით ხელისუფლება ფაქტობრივად აუქმებს ვაზიანის სტრატეგიულ აეროდრომს და ფუნქციას უკარგავს სამხედრო ბაზას, რომელიც საქართველოს თავდაცვის უმნიშვნელოვანესი ობიექტია.