კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში ამილახვრების სასახლეს ყველა მარტივად მიგასწავლით. ციხე-სასახლე 4-საუკუნოვან ისტორიას ინახავს. კომპლექსი მთლიანად გალავნითაა გარშემორტყმული. სასახლის ტერიტორიის შიგნით აშენებულია კარის ეკლესია და მასზე მიბმული კოშკი ძველი ხის აივნით.
2001 წლიდან დღემდე, საჯარო რეესტრის მონაცემებით, სასახლის ოფიციალური მესაკუთრე ივანე ამილახვრის მეორე რიგის მემკვიდრე, ერეკლე კუხიანიძეა. დღეს ამილახვრების შტოს დიდების ნაშთები დანგრევის პირასაა. შენობაში სამშენებლო ნაგავი ყრია, ალაგ-ალაგ იატაკი ჩანგრეულია, დაზიანებულია სახურავიც. ოთახებში ზოგან ხანძრის კვალია. ადგილობრივებს ახლა ყველაზე მეტად სწორედ ის ადარდებთ, რომ შესაძლოა რამდენიმე საუკუნოვანი ისტორია გაქრეს.
სასახლეს 2006 წლიდან ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს. თავად მესაკუთრე ერეკლე კუხიანიძე ამბობს, რომ თანახმაა ისტორიული მემკვიდრეობა გაყიდოს, რადგან მის აღსადგენად სახსრები არ აქვს.
კუხიანიძის მტკიცებით, ისტორიული ძეგლის გადასარჩენად ხელისუფლებაში მყოფ ყოფილ თანაგუნდელებს დახმარება რამდენჯერმე უშედეგოდ სთხოვა. ერეკლე კუხიანიძის თქმით, ციხე-სასახლე უძრავი ქონების მაკლერმა მილიონ-ნახევრად შეაფასა. თუმცა იმის, გამო, რომ ძეგლს მემკვიდრეობასთან დაკავშირებული დავის გამო, პროკურატურისგან ყადაღა ადევს, სასახლე მაინც ვერ გაიყიდება. კუხიანიძის მტკიცებით, მას ჯერ კიდევ წლების წინ უთხრეს, რომ თუ სასახლის მესაკუთრეობა უნდოდა, საქმე საპატრიარქოსა და ეპარქიასთან უნდა დაელაგებინა. გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრია გვაზავას პოზიციის გასარკვევად ეპარქიას დავუკავშირდით, გვითხრეს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ამ ეტაპზე სათქმელი არაფერი აქვთ.
2019 წელს ეს დავა სასამართლოში კუხიანიძის სასარგებლოდ დასრულდა და კოშკი ისევ ოჯახს დარჩა. შარშან კი პროკურატურას ვინმე ვაჟა ოთარაშვილმა მიმართა და ამილახვრების ქონების მისაკუთრების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. კუხიანიძის აზრით, ოთარაშვილის უკან მხოლოდ და მხოლოდ საპატრიარქოს ინტერესები დგას. ამილახვრების სასახლე ყოველდღიურად ზიანდება, შესაბამისად საფრთხე, რომ ქვეყანა ისტორიულ ძეგლს დაკარგავს დღითიდღე იზრდება.
ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე.