ისანში, ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები, მეორე დღეა, აქციას მართავენ. ადგილობრივები გამგეობისგან იმ ბინების დაკანონებას ითხოვენ, რომლებშიც წლებია, ცხოვრობენ.
აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. აქციის ერთერთი მონაწილე "მთავართან" ამბობს, რომ ადგილზე თბილისის მერისა და რაიონის გამგებლის მისვლას ითხოვენ. მისივე თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ და შიმშილობას დაიწყებენ.
ვითხოვთ, მოვიდეს გამგებელი მერთან ერთად. გაგვცეს პირდაპირი პასუხი, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ მარიონეტები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვაპირებთ შიმშილობის დაწყებას. კახი კალაძეს
მივმართავთ დაკანონებას, იმიტომ რომ ეს შენობა არის ისედაც პარალიზებული, მათთვის გამოუდეგარი, გარდა იმ შემთხვევისა, რომ არ გამოიყენონ საინვესტიციოდ... ჩვენ თავშესაფარს ვითხოვთ, - ამბობს აქციის მონაწილე.
აქციის მონაწილეები აანონსებენ, რომ ორშაბათს დილის 9 საათიდან გამგეობას გადაკეტავენ და მათ მუშაობის შესაძლებლობას არ მისცემენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 17 სექტემბერს გვიან ღამით სამხედრო ჰოსპიტალის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები ქუჩაში ამავე მოთხოვნით გამოვიდნენ და გამგეობისგან დაპირების შესრულებას ითხოვდნენ.პოლიციამ აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავა და გუშინვე გაათავისუფლა.