კოალიცია "ცვლილებისთვის" რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს კიდევ ერთი ოფისი კოალიციამ ამჯერად ლანჩხუთში გახსნა. ლიდერები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და მათთან ერთად რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე იმსჯელეს.
"ქალაქში იგრძნობა, რომ ხალხისგან არის დაცლილი, სიღარიბისგან არის დაცლილი და ჩანს, რომ თითქოს აქაურობას ევაკუაცია ჩაუტარა ხელისუფლებამ. ეს არის ტრაგედია, ეს არის ცხოვრებისეული ტრაგედია, რომელიც უნდა დასრულდეს 26 ოქტომბერს და ხალხს დაუბრუნდეს ხელისუფლება, სახელმწიფო" ამბობს ნიკა მელია.
კოალიციის ლიდერები გურიის რეგიონის ოლიგარქებზე საუბრობენ, რომლებიც ხალხისა და სახელმწიფოს ხარჯზე მდიდრდებიან, მაშინ, როცა გურია რიგითი ადამიანებისგან იცლება:
"მთავარი პრობლემა, რომელზეც საუბრობენ არის ემიგრაცია. იცლება რეგიონები და ლანჩხუთშიც ამაზეა საუბარი. უამრავი ადამიანი მიდის იმიტომ, რომ ადგილზე შემოსავლის ქონა და ოჯახის შენახვა არის შეუძლებელი. ჩვენ გვაქვს ფეოდალური მმართველობა, ივანიშვილს ყველა რეგიონში ჰყავს საკუთარი წარმომადგენელი, რომლებიც განკარგავენ ყველაფერს" ამბობს ზურაბ-გირჩი ჯაფარიძე.
"აქ სიღარიბე და სიდუხჭირე განსაკუთრებით ტანჯავს ადამიანებს, სამაგიეროდ აქ არიან ადგილობრივი ოლიგარქები, რომლებიც მდიდრდებიან, ჩვეულებრივი მოქალაქეები მიდიან ამ ქვეყნიდან იმიტომ, რომ ელემენტარული საარსებო პირობები არ აქვთ. სამაგიეროდ, ვასილ ჩიგოგიძე მდიდრდება და მდიდრდება" ამბობს გიგა ლემონჯავა.
კოალიცია "ცვლილებისთვის" რეგიონულ ოფისებს დღეს ოზურგეთსა და ჩოხატაურშიც გახსნის, ხვალიდან კი შეხვედრები აჭარაში გაგრძელდება. თვის ბოლომდე საქართველოს მასშტაბით გაერთიანება 100-მდე ოფისის გახსნას გეგმავს.