ძალის გადამეტება პოლიციელების მხრიდან და თავდასხმა ირაკლი ეძგვერაძეზე | საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ამ დრომდე იზოლატორში რჩება

გამოქვეყნდა:

თავდასხმა, ძალადობა და ფიზიკური ანგარიშსწორება პოლიციის მხრიდან. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი, რომელსაც ძალოვანები საკუთარ სახლთან გაუსწორდნენ, სასამართლოზე წარდგენის მოლოდინშია. მას შემდეგ, რაც ირაკლი ეძგვერაძე პოლიციელებმა ფაქტობრივად გაიტაცეს, მისი ადგილსამყოფელის შესახებ დილამდე არაფერი იყო ცნობილი.

დღეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრს უფლებადამცველი შეხვდა, რომელიც ადასტურებს, რომ დეპუტატს სხეულზე ძალადობის კვალი ეტყობა. თავად ეძგვერაძე და მისი თანაგუნდელები საქმეში სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და სახალხო დამცველის აპარატის ჩართვას მოითხოვენ, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, დაიწყებს თუ არა სახელმწიფო უწყება სამართალდამცველების მხრიდან სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიებას.

შეგახსენებთ, ენმ-ის თბილისის საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე გასულ ღამეს დააკავეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას - კერძოდ კი წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.  დაპირისპირება ოპოზიციონერი დეპუტატის სახლთან, გლდანში მოხდა. პოლიციის მხრიდან აგრესია მას შემდეგ დაიწყო, რაც  ნაციონალური მოძრაობის წევრი შეეცადა  გაერკვია რატომ იყვნენ მობილიზებული ძალოვნები მის ავტოფარეხთან. შსს -ის ინფორმაციით, პოლიცია ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებას ასრულებდა, რასაც ეძგვერაძე ხელს უშლიდა. 

ეძგვერაძესთან ერთად დააკავეს ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთი დეპუტატი საკრებულოში - ირაკლი ნადირაძე, რომელიც რამდენიმე საათში ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

როგორც ადვოკატი აცხადებს, ეძგვერაძე ნაცემია და სხეულზე დაზიანებები ეტყობა. უფლებადამცველი მოითხოვს, პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობაზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყოს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი