ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე, შენობის ფასადის მოპირკეთების სამუშაოების შესრულებისას, მაღალსართულიანი შენობიდან თურქეთის მოქალაქე მუშა ჩამოვარდა. ის ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც ირკვევა სამუშაოებზე, სავარაუდოდ, უსაფრთხოების ზომები დაცული არ იყო. არსებული ინფორმაციით დაფა, რომელზეც 50 წლამდე კაცი იდგა მჭიდროდ არ იყო დამაგრებული, ხარაჩო ჩამოიშალა და ჩამოვარდა. სამუშაოებს კომპანია შპს "დაგი" ხელმძღვანელობს.
"თურქეთიდან ახალი ჩამოსული იყო. დღეს ამ ობიექტზე მხოლოდ თურქების ჯგუფი მუშაობს. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ 50 წლამდე კაცი მაღალი სართულიდან გადმოვარდა. დაღუპულს პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ მეზობლად ვცხოვრობ და ეს ამბავი მეზობლებისგან ახლახან გავიგე," - ამბობს მეზობელი.
ცხედარი ქუთაისში ექსპერტიზაზე გადაასვენეს. ადგილზე მობილიზებულები არიან ექსპერტ-კრიმინალისტები, მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.
ავტორი: ემა გოგოხია