აფგანი გლდანის ციხეში მოვინახულე, ძალიან ცუდად გამოიყურება, ფაქტობრივად შიმშილობს | აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ოჯახი საემიგრაციო სამსახურის გადაწყვეტილებას ელოდება

გამოქვეყნდა:

საქართველოში დაკავებული, აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი 3 სექტემბერს მიგრაციის სამსახურმა გამოჰკითხა. მისი მეუღლის, სევანჟ სადიგოვას თქმით, ჟურნალისტმა მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა თუ როგორ იდევნება აზერბაიჯანსა და საქართველოში.

მეუღლის განცხადებით, მომდევნო საფეხური ჩაღრმავებული ინტერვიუა, რის შემდეგაც საქართველოს საემიგრაციო სამსახურმა უნდა გადაწყვიტო,ს მისცემენ თუ არა აფგან სადიგოვს საერთაშორისო თავშესაფარს.

"ჩემი მეუღლე აფგან სადიგოვი გლდანის ციხეში მოვინახულე. ის ძალიან ცუდად გამოიყურება, მითხრა, რომ ფაქტობრივად შიმშილობს, სათანადოდ ვერ იკვებება, რადგან ციხეში საკვები ძალიან მცირე და უხარისხოა. ოჯახს კი არ გვაძლევენ საკვების შეტანის უფლებას. გარდა ამისა ციხეში ანტისანიტარიაა.

საქართველოს მიგრაციის სამსახურმა ის 3 სექტემბერს ციხეში, მისი ადვოკატის თანდასწრებით გამოჰკითხა. მან დეტალურად მოუყვა როგორ იდევნება აზერბაიჯანსა და საქართველოში და რომ მის წინააღმდეგ ცრუ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. აფგანმა ასევე უთხრა, რომ ციხეში პოლიტიკური დაკვეთით ჩასვეს. მას არ სჯერა, რომ საქართველოს მიგრაციის სამსახური პოზიტიურ ნაბიჯს გადადგამს, რადგან აფგანს არ მიეცა საშუალება დეტალურად ესაუბრა მომხდარზე. როგორც გავიგე, მიგრაციის სამსახურის წარმომადგენელმა მას უთხრა, რომ 1 თვეში ხელახლა გაესაუბრებიან და გადაწყვეტილებაც, პოლიტიკური თავშესაფრის თაობაზე ამის შემდეგ იქნება მიღებული.

კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩემი მეუღლე აზერბაიჯანის ხელისუფლების უკანონო ბრძანებით არის დაკავებული. ხოლო საქართველოს ხელისუფლებამ ეს დავალება შეასრულა," - განაცხადა აფგან სადიგოვის მეუღლემ, სევანჟ სადიგოვამ.

აფგან სადიგოვის ადვოკატის, დიმიტრი ნოზაძის განცხადებით, ახლა ყველაფერი საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული და თუ მიგრაციის სამსახური ჟურნალისტს თავშესაფარს არ მიანიჭებს ისინი გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ.

"მოხდა აფგან სადიგოვის ანკეტირება, ეს იყო 3 სექტემბერს, გლდანის მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში. ახლა ველოდებით უკვე, რომ მიგრაციის სამსახურთან იქნება ინტერვიუ და ამის შემდეგ უკვე მიგრაციის დეპარტამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას მიანიჭოს თუ არა პირს საერთაშორისო თავშესაფრის საკითხი.

თუ მიგრაციის დეპარტამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას და უარს გვეტყვის ამის შემდეგ უკვე არსებობს ერთადერთი მექანიზმი, მივმართოთ სასამართლოს და სასამართლოთი მოვითხოვოთ, რომ ადამიანს მიენიჭოს საერთაშორისო თავშესაფრის საკითხი. მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მაინც მიგრაციის დეპარტამენტზეა მისაღები. აბსოლუტურად ვერც ჩვენ ვამბობთ, რომ აუცილებლად მიანიჭებს..." - ამბობს ადვოკატი.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს. რამდენიმე კვირით ადრე მას თბილისის აეროპორტში არ მისცეს უფლება ბაქოს გარდა სხვა მიმართულებით გაფრენილიყო. თბილისის საქალაქო სასამართლომ კი სადიგოვს 3-თვიანი საექსტრადაციო პატიმრობა შეუფარდა. 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი