"ეჭვიანი იყო, თურმე კამერაც დაუყენა სახლში"..."ნატრობდა, რომ არ გამოსულიყო ციხიდან" | კახეთში მომხდარი სამმაგი მკვლელობის მძიმე ისტორია

გამოქვეყნდა:

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში, 30 წლის ქალი, ორი მცირეწლოვანის დედა მარიამობის ღამეს საკუთარმა ქმარმა მოკლა. 

ფიქრია ტუგულაშვილს სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. ზვიად ზურაბაშვილმა მეუღლე  საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლა. 

მოკლული ქალის ოჯახის წევრები მკვლელობის მოტივად ეჭვიანობას ასახელებენ, მათივე მტკიცებით ცოლ-ქმარს კონფლიქტია ამ მიზეზით არაერთხელ მოსვლიათ. ფიქრია ტუგულაშვილის დედა იხსენებს, რომ მისი შვილი სიკვდილს ერთხელ სასწაულებრივად უკვე გადაურჩა. დედის მონაყოლით ორი წლის წინ,  ფიქრია ქმარმა ეჭვიანობის ნიადაგზე, კისრის არეში დანით დაჭრა. მაშინ, პოლიციამ დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა. 

დედა იხსენებს რომ პირველი სერიოზული კონფლიქტის და დაჭრის  შემდეგ ოჯახი ფიქრიას ქმართან გაშორებას სთხოვდა, რაზეც ის არ თანხმდებოდა. მიზეზად კი იმას ეუბნებოდა რომ არ სურდა ბავშვები მამასთან დაეშორებინა.

"როცა დაჭრა, მაშინ აღიარა ჩემმა შვილმა, რომ ეჭვიანი იყო, თურმე კამერაც დაუყენა სახლში...აქაც ჰყავს ძმაკაცები, იმათზეც ეჭვიანობდა. ისეთი გათიშული მთვრალი იყო, ფეხზე ვერ დგებოდაო. თმებში მოუკიდნია ხელი და გამოუსვია დანა" ამბობს მოკლული ქალის დედა.

მოკლულ ქალს ამერიკაში საცხოვრებლად გადასვლასაც სთავაზობდნენ, სადაც მისი ძმა წლებია ემიგრაციაშია, თუმცა ფიქრია ვერც ამაზე დაიყოლიეს. მოკლული ქალის ძმა ახლა  ბრალდებული სიძის უმკაცრესად დასჯას ითხოვს.

ქმრისგან მოსალოდნელ საფრთხეზე ფიქრია ტუგულაშვილი მხოლოდ უახლოეს მეგობართან საუბრობდა, თუმცა მასაც ეუბნებოდა რომ  მცირეწლოვანი შვილების გამო მოძალადე ქმარს ვერ გაშორდებოდა.

"ჩვენ ძალიან ბევრი წლების მეგობრობა გვაკავშირებდა და ნატრობდა იმას, რომ არ გამოსულიყო ციხიდან, დრო გაწელილიყო, რომ დასვენებული ვარო. არ უნდოდა შერიგება, ხშირად ღალატობდა ზვიადი, პლანს ეწეოდა, სვამდა, მერე უკვე ფსიქიურად ვეღარ იყო. იმ დაჭრის შემდეგ ციხეშიც, ფსიქიატრიულში მკურნალობდა." ამბობს მოკლული ქალის მეგობარი.  

30 წლის ქალის მკვლელობის შემდეგ ზვიად ზურაბაშვილმა მისივე სახლში თანაკლასელიც მოკლა. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებულის ბავშვობის მეგობარი მალხაზ მამისაშვილი აბაზანას არემონტებდა, როცა ბავშვობის მეგობარი ზურაბაშვილი ზურგიდან მიეპარა და თავში ესროლა. ერთადერთი თვითმხილველი ბრალდებულის მეზობელია.

მეუღლისა და ბავშვობის მეგობრის გარდა  38 წლის მამაკაცმა იმავე საღამოს კიდევ ერთი დანაშაული ჩაიდინა. გამოძიების ინფორმაციით ორი ადამიანის მკვლელობის შემდეგ ზვიად ზურაბაშვილი მეზობელ სოფელში ჩავიდა სადაც იმავე ცეცხლსასროლი იარაღით  როინ კობიაშვილი  მოკლა. 

ზურაბაშვილი ჩადენილ დანაშაულს არ ნანობს. სასამართლოზე მან ყველაფერი აღიარა

სამმაგ მკვლელობაში ბრალდებული ახლა წინასწარ პატიმრობაშია. თელავის რაიონული სასამართლო მისი საქმის არსებით განხილვას რამდენიმე კვირაში დაიწყებს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 38 წლის კაცს თავისუფლების უვადოდ აღკვეთა ემუქრება.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი