"ოცნების" სიძულვილის შემცველი წინასაარჩევნო კლიპის არგაშვების გამო, მარეგულირებელმა "მთავარი არხი" დააჯარიმა

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხი" კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს. საუბარია ჯარიმაზე, რომელიც მარეგულირებელმა ჩვენს არხს "ქართული ოცნების" მიერ მომზადებული პოლიტიკური რეკლამის ეთერში არგაშვების გამო დააკისრა. საქმე ეხება კლიპს, რომელიც "მთავარი არხის" იურისტების შეფასებით, სიძულვილის ენის შემცველია, ახალისებს ძალადობას, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს წარმომადგენლების მიმართ და ეწინააღმდეგება მაუწყებლობის შესახებ კანონს.

სხდომა საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება. ტელევიზიას 5 000 ლარის ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

"ეს კლიპი, კონკრეტული ნაწილი, რომელიც არის სადაო, ეწინააღმდეგება კანონს, კერძოდ სამიზნედ არიან ამოღებული მოქალაქეები, კერძოდ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც არ არიან პოლიტიკური სუბიექტები, არც ცესკო-ში რეგისტრირებული პოლიტიკური სუბიექტები, არ იღებენ ისინი არჩევნებში მონაწილეობას. ხოლო კანონმდებლობის თანახმად, წინასაარჩევნო რეკლამა არის ისეთი რეკლამა, რომელიც თავად პოლიტიკური სუბიექტის, ანუ პარტიის ხელშემწყობია, ან სხვა პოლიტიკური სუბიექტის ხელშემშლელი. "ქართული ოცნების" დაჟინებული მოთხოვნაა ამ ადამიანების წინააღმდეგ იყოს ეს გზავნილი, ისინი არიან წარმოჩენილნი, როგორც საზოგადოების მორალური გადამგვარებლები, ამის მიუხედავად, კომუნიკაციების კომისიამ ჩათვალა, რომ ასეთი კლიპი უნდა განთავსდეს ეთერში", - ამბობს "მთავარის" იურისტი, თამთა მურადაშვილი.

კლიპი ეთერში არც სხვა კრიტიკულმა მედიებმა, "ფორმულამ" და "ტვ პირველმა" გაუშვეს. სავარაუდოდ, კომუნიკაციების კომისია მათაც დააჯარიმებს.

მარეგულირებელს მესამე სექტორის წევრებმაც მიმართეს, რომ კომისიამ მოსთხოვოს "ოცნებას" დაკორექტირდეს კლიპი, ან ის ამოიღონ ეთერებიდან. როდის იმსჯელებს ამ საკითხზე კომისია, ჯერ ცნობილი არაა. არასამთავრობოები საუბრობენ, რომ ტექსტი არაეთიკური და შეცდომაში შემყვანია, რაც რეკლამის შესახებ კანონსაც არღვევს და მაუწყებლობის შესახებ კანონსაც.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი