"ქართული ოცნების" 20-ეულში, ანუ გამსვლელ სიაში ოლიგარქმა, ბიზნესმენი შოთა ბერეკაშვილი ჩაწერა, რომელსაც რუსეთ- საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა აქვს. ბერეკაშვილი დეველოპერული კომპანია BK Construction-ის დამფუძნებელია და თავგამოდებით იცავს რუსულ კანონს.
ბერეკაშვილის დეველოპერული კომპანიები უპრობლემოდ იგებენ მრავალმილიონიან სახელმწიფო ტენდერებს. მაგალითად წელს, გაზაფხულზე სწორედ ბერეკაშვილის კომპანიას ჩააბარეს ვარკეთილში ავარიული ბინების ახალი კორპუსებით ჩანაცვლების პროექტი და ამისთვის მისმა კომპანიამ 9 მილიონი მიიღო.
2023 წელს კი ბერეკაშვილის კომპანიამ თბილისის განვითარების ფონდის სამ ტენდერში, ჯამში, 20 მილიონამდე ღირებულების ხელშეკრულებები გააფორმა - სამიდან ორ შემთხვევაში მან უკონკურენტოდ გაიმარჯვა.
პრემიერ კობახიძეს ბიზნესმენის ბიოგრაფიაზე საუბრისას არ უხსენებია, ბერეკაშვილის ორმაგი მოქალაქეობა და ის, რომ მას ამ დრომდე ბიზნესების ნაწილი სწორედ ოკუპანტ სახელმწიფოში აქვს.
საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტების მიხედვით, ბერეკაშვილი 2012 წელს მხოლოდ რუსეთის მოქალაქე იყო. 2021 წლიდან კი მას უკვე ორმაგი მოქალაქეობა აქვს.
2012 წელს უძრავი ქონების რეესტრში იძებნება ჩანაწერი, სადაც მითითებულია, რომ შოთა ბერეკაშვილს არ სურს ოფიციალურ დოკუმენტებში მისი რუსული პასპორტის მონაცემები ჩანდეს. ამის ნაცვლად ის სახელმწიფო უწყებებს სთხოვს საჯაროდ ატვირთულ საბუთებში ბინადრობის მოწმობაში მითითებული საიდენტიფიციკაციო მონაცემები გამოიყენონ.
"გუგლის" საძიებო სისტემაში მხოლოდ მისი სახელისა და გვარის ჩაწერით, არაერთი რუსული ბიზნესი იძებნება, სადაც ბერეკაშვილი სხვადასხვა პოზიციებს იკავებს.
ქართული ოცნების სიის მე-16 ნომერი დიზაინერ მაკა კვიციანის ქმარია, მისი ცოლის და, ბაია კვიციანი კი პარლამენტის მოქმედი დეპუტატია.
ბერეკაშვილს ახლო კავშირი აქვს კახა კალაძის ოჯახთანაც - მისი მეუღლე - ანუკი არეშიძის მეჯვარეა.
ბერეკაშვილი პროსახელისუფლებო მედიის ყურადღების ცენტრში ორჯერ მოექცა. ორივეჯერ ქართული ოცნების მაამებელი განცხადების გამო. გაზაფხულზე ის აქტიურად აკეთებდა რუსული კანონის მხარდამჭერ განცხადებებს. 2020 წელს კი - ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმას დადებითად აფასებდა.
რადგან შოთა ბერეკაშვილი მომავალი დეპუტატი და ქართულ ოცნების ახალი სახეა, საზოგადოების ინტერესი მის ქონებასთან დაკავშირებითაც იარსებებს. ბერეკაშვილი ჯერ საჯარო მოხელე არ არის, შესაბამისად, არც ქონებრივი დეკლარაცია შეუვსია. თუმცა საზოგადოება კარგად იცნობს მის მეუღლეს , დიზაინერ მაკა კვიციანს.
ბიზნესმენის ოჯახი დიღომში, ელიტურ დასახლებაში, მდიდრულ ვილაში ცხოვრობს. სოციალურ ქსელში საჯაროდ მოიპოვება სახლის ინტერიერის ფოტო და ვიდეომასალა.
სიუჟეტზე მუშაობის განმავლობაში ჩვენ მისგან ინტერვიუს მოპოვებას არა ერთხელ ვეცადეთ, თუმცა უშედეგოდ.
ავტორი: დავით კობიძე