დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის მეუღლის, სევინჩ სადიგოვას თქმით, მისი ქმარი ცუდ პირობებში იმყოფება გლდანის ციხეში. "მთავართან" საუბარში ის ყვება, რომ პატიმარი ავად გახადა.
მისი თქმით, ქართულმა მხარემ არ გაითვალისწინა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება და სხვა მტკიცებულებები, რომ აზერბაიჯანში სადიგოვი პოლიტიკური პატიმარი იყო და არ მისცა თავშესაფარი.
"აფგან სადიგოვი ახლა იმყოფება გლდანში და ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. საჭმელს არ აძლევენ, ფანჯარა ჩამტვრეულია და დილით და ღამით ძალიან ცივა. ამის გამო ის ავად გახდა. გუშინ ადვოკატს შეხვდა და მისი მდგომარეობა დადასტურდა. საქართველომ მას თავშესაფარზე უარი უთხრა, რის მიზეზადაც დაასახელეს, რომ აზერბაიჯანში ყველაფერი კარგად არის და იქ პოლიტპატიმრები არ არიან. მათ მოგვცეს ასეთი ფურცელი, სადაც არც ხელმოწერაა და არც თარიღი. აფგანი აზერბაიჯანში ორჯერ იყო დაკავებული, პოლიტპატიმარი იყო. როდესაც საქართველოდან მესამე ქვეყანაში წასვლა გადავწყვიტეთ, არ გაგვიშვეს და გვითხრეს, რომ მხოლოდ აზერბაიჯანში შეგვეძლო დაბრუნება. ჩვენ ყველანაირი საბუთი გვაქვს, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაც, და ყველანაირად მტკიცდება, რომ აფგანი პოლიტპატიმარი იყო აზერბაიჯანში, მაგრამ ეს მაინც არავინ გაითვალისწინა", - ამბობს სევინჩ სადიგოვა.
იხილეთ:
შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს. რამდენიმე კვირით ადრე მას თბილისის აეროპორტში არ მისცეს უფლება ბაქოს გარდა სხვა მიმართულებით გაფრენილიყო. თბილისის საქალაქო სასამართლომ კი სადიგოვს 3-თვიანი საექსტრადაციო პატიმრობა შეუფარდა.