მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის ინფორმაციით, 2017-2023 წლებში გელათის სამონასტრო კომპლექსის კონსერვაცია-რესტავრაციის პროცესში დაახლოებით 4 589 724 ლარი დაიხარჯა - "სამუშაოების არაკვალიფიციურად ჩატარების გამო გელათის ტაძრები დაზიანდა და მათი მდგომარეობა კატასტროფულად გაუარესდა!" აცხადებს პროფკავშირი
შეგახსენებთ საქართველოს მთავრობამ სექტემბრის დასაწყისში გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გელათის რეაბილიტაციაზე 11 მილიონ 500 ათასი ლარი დაიხარჯება. განკარგულებით, თანხა ჯერ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ანგარიშზე გადაირიცხება, შემდეგ კი გელათის რეაბილიტაციის დროებით კომიტეტს გადაეცემა, მაგრამ ზუსტად რისთვისაა საჭირო ეს თანხა, განკარგულებაში მითითებული არ არის.
ცნობისთვის, გელათი ივლისიდან დახურულია. საპატრიარქომ გადაწყვეტილების მიზეზად უსაფრთხოების ნორმების დაცვა დაასახელა. ამ პერიოდში ტაძრის დროებითი გადახურვის მასშტაბური სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო და 15 აგვისტოს გახსნილიყო, თუმცა საპატრიარქო კომიტეტმა 16 აგვისტოს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ძლიერი სიცხის გამო რეაბილიტაციის პროცესი გაჭიანურდა და ტაძარი დათქმულ დროს ვერ გაიხსნებოდა. საპატრიარქოს ამ დრომდე არ დაუსახელებია სამონასტრო კომპლექსის გახსნის თარიღი.
[ფოტო: თორნიკე ბარათაშვილი]