"მთავარის" ინფორმაციით, "ოცნების" შიდა კვლევით, პარტიის რეიტინგი 30%-მდე დაეცა | ვინ რჩება სიის მიღმა?

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ახალი შიდა კვლევით, ბიძინა ივანიშვილის პარტიის რეიტინგი 30%-მდე დაეცა. შედეგები ცნობილია ოლიგარქისთვისაც. ეს მაჩვენებელი კი არათუ საკონსტიტუციო, უბრალო უმრავლესობისთვისაც არ არის საკმარისი. ბოლო კვლევა რამდენიმე დღის წინ ჩატარდა. 

უფრო კონკრეტულად კი, 30% ალოკაციით, ხოლო ალოკაციის გარეშე "ოცნების" რეიტინგი 25%-ია.

პარალელურად, პარლამენტის მოქმედი წევრების უმეტესობა ახალი პარლამენტის გამსვლელ სიაში ვერ მოხვდნენ. სიის მიღმა დარჩენილები კი ივანიშვილისგან ახლა ახალ შეთავაზებას ელოდებიან რომ სიის შემდეგ უკვე პოლიტიკურ თამაშს მიღმა არ დარჩნენ.

"მთავარი არხი" დაუკავშირდა არჩილ თალაკვაძეს, რომელიც ამ დრომდე სიაში არაა. მას ვკითხეთ, შესთავაზეს თუ არა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეობა სიაში ჩასმის ნაცვლად, ხოლო უკვე იანვრიდან მინისტრობას დაპირდნენ, რაზეც თალაკვაძემ სატელეფონო მიმოწერით გვიპასუხა, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები, სად გააგრძელებს მოღვაწეობას, თუმცა მისივე თქმით, სამინისტროში გადასვლა არ შეუთავაზებიათ - "სხვას ვერაფერს გეტყვით წინასწარ, გთხოვთ დაელოდოთ ამ პროცესის დასრულებას" - იწერება თალაკვაძე.

"საიდუმლოდ ინახავს" ინფორმაციას, იქნება თუ არა გამსვლელ სიაში ირმა ზავრადაშვილი - "რატო ხართ ესე დაინტერესებული ქალბატონო დეა მე სად ვიქნები? საიდუმლოდ ვინახავ ჯერ, არ გეუბნებით. 26-ში სია დაიდება და ნახავთ თქვენც" - ამბობს ზავრადაშვილი.  

სავარაუდოდ სიაში ვერ მოხვდება ვერც რიმა ბერაძე, რომელმაც ჩვენ შეკითხვებს მხოლოდ იმით უპასუხა, რომ 26-ში გავიგებთ ყველაფერს.

"ქართული ოცნების" დეპუტატის, გიორგი კახიანის განცხადებით, სიის პირველი 50-ეული ცნობილია, საიდანაც 20 უკვე წარდგენილია, დანარჩენი 30 კი - დელეგატია:

"ამ სიაში 50 წევრის ვინაობა უკვე ისედაც ცნობილია საზოგადოებისთვის. იმიტომ, რომ ჩვენ დავასახელეთ როგორც პირველი ოცეული, ასევე 30 დელეგატი" - ამბობს კახიანი.  

პოლიტიკური პარტიებისთვის საარჩევნო სიების წარდგენის ბოლო ვადა 26 სექტემბერია.  
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი