ბოლო 2 თვეში რუსეთში მე-6 ავიაკატასტროფა მოხდა | ავარიები სავარაუდოდ სანქციების გამო ავიანაწილების ნაკლებობას უკავშირდება

გამოქვეყნდა:

რუსეთში, არხანგელსკის ოლქში კერძო ვერტმფრენი Robinson R44 ჩამოვარდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან ერთი, სავარაუდოდ, საქალაქო საბჭოში  „ედინაია რასიას“ დეპუტატი სერგეი სმეტანინია, მეორე კი ადგილობრივი ბიზნესმენი ალექსეი სემენოვი. არსებული ინფორმაციით, ისინი სათევზაოდ მიფრინდავდნენ.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოფელ ბიჩიედან სოფელ კარანდაშევსკაიასკენ მიმავალი ვერტმფრენი გაუჩინარდა და კონტაქტზე აღარ გამოდიოდა, გუშინ გავრცელდა. დღეს დილით კი რუსულმა მედიამ დაწერა, რომ აღმოჩენილია ვერტმფრენის ნამსხვრევები და ორი ადამიანის ცხედარი.

უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული სისხლიანი ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების შემდეგ, რუსეთის ფედერაციაში ავიაკატასტროფები გახშირდა. ეს აიხსნება იმ აუცილებელი ნაწილების ნაკლებობით, რომლებიც ადრე რუსეთის ფედერაციას დასავლეთის ქვეყნებიდან შემოჰქონდა.

17 სექტემბერს რუსეთის ფედერაციაში ჩამოვარდა Robinson R66 ვერტმფრენი, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა. მოგვიანებით რუსული მედიის ცნობით, მაშველებმა გარდაცვლილი პილოტი და ორი მგზავრი იპოვეს.

15 აგვისტოს რუსეთის ირკუტსკის ოლქში სტრატეგიული ბომბდამშენი Ту-22М3 ჩამოვარდა.

27 ივლისს რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების Су-34 ვოლგოგრადის რაიონში გეგმიური სასწავლო ფრენის შესრულებისას ჩამოვარდა.

25 ივლისს რუსეთის კალუგის ოლქში ვერტმფრენი Ми-28 ჩამოვარდა, რის შედეგადაც ეკიპაჟი დაიღუპა.

22 ივლისს იპოვეს იაკუტიაში ჩამოვარდნილი ვერტმფრენი, რომელშიც ФСБ-ს ოფიცრები იმყოფებოდნენ. ავარიის ადგილზე ასევე ნახეს პილოტის და 3 მგზავრის ცხედარი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი