ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში ამბობენ, რომ აშშ-ს ბიძინა ივანიშვილისათვის და მისი ოჯახის წევრებისათვის სანქციები არ დაუწესებია. ამის შესახებ ინფორმაციას საელჩოზე დაყრდნობით "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
"ბიძინა ივანიშვილის ან მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ შეერთებულ შტატებს ფინანსური სანქციები არ დაუწესებია. აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი საჯაროდ აქვეყნებს ყველა ფინანსურ სანქციას", - მისწერეს 3 ოქტომბერს რადიო თავისუფლებას საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოდან.
ოლიგარქის საზღვარგარეთ მცხოვრები შვილებისთვის ფინანსურ ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია "ფორმულამ" გაავრცელა. მედიასაშუალება განმარტავს, რომ ეს არ არის სახაზინო დეპარტამენტის სანქციები და საუბარია წინასასანქციო რეჟიმზე, როდესაც კომერციული ბანკები თავად იღებენ გადაწყვეტილებას ამა თუ იმ პირისთვის საბანკო ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვასთან დაკავშირებით.