საერთაშორისო გამოცემა Financial Times-ი სტატიას აქვეყნებს სათაურით: "საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ პრორუსული მმართველი პარტია არჩევნებს "გააყალბებს".
სტატიის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Financial Times-ს განუცხადა, რომ მის ქვეყანას "რუსული მთავრობა" მართავს და რომ ხელისუფლებაში მყოფი "ქართული ოცნება" 2012 წლიდან აწარმოებდა კამპანიას, რომელიც ეფუძნებოდა პროპაგანდას, პოლარიზაციას და შიშის ტაქტიკას - ისევე, როგორც რუსეთში.
"ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, რომელმაც რუსეთში მოიპოვა ქონება, "ქართული ოცნება" ახორციელებს ზეწოლას სახელმწიფო თანამშრომლებზე, რათა ხმა მისცენ მას, თავს ესხმის ოპოზიციის აქტივისტებს, ემუქრება ჟურნალისტებს და ართულებს უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეების ხმის მიცემას," - ამბობს სალომე ზურაბიშვილი, Financial Times-თან.
პრეზიდენტის თქმით, "ქართული ოცნება" ტრადიციული გზით გამარჯვებას არ ცდილობს - "ასე რომ, არჩევნებში [ქართული ოცნების] გამარჯვების საშუალება არის არჩევნების გაყალბება, რაც დაწყებულია".
Financial Times-თან სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" დამარცხებისთვის 26 ოქტომბრის არჩევნებში მაღალი აქტივობაა საჭირო.
"ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი მობილიზაცია, რადგან ერთადერთი სცენარი, როდესაც მათ შეეძლებათ არჩევნები მოიპარონ, იქნება იმ შემთხვევაში, თუ ხალხი არ მობილიზდება," - განაცხადა პრეზიდენტმა.