რუსეთთან და ივანიშვილთან დაკავშირებული მორიგი პროექტი თბილისის ცენტრში | უჩა მამაცაშვილისა და ვახტანგ კარიჭაშვილის სასტუმროს გახსნას კობახიძე და კალაძე დაესწრნენ

გამოქვეყნდა:

2024 წლის 17 ოქტომბერს მელიქიშვილის გამზირზე სასტუმრო "აფიშა" გაიხსნა. ახლადგახსნილი სასტუმროს დასათვალიერებლად პრემიერი ირაკლი კობახიძე პირველ ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილსა და დედაქალაქის მერ კახა კალაძესთან ერთად მივიდა. როგორც მთავრობის მიერვე გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, მათ მასპინძლობა სასტუმროს მფლობელმა ბიზნესმენმა ვახტანგ კარიჭაშვილმა გაუწია. ფოტოებში არ ჩანს და უცნობია იმყოფებოდა ადგილზე თუ არა კიდევ ერთი მასპინძელი, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი - უჩა მამაცაშვილი.

სასტუმროს, რომელიც თავდაპირველი პროექტით 4 სართულიანი უნდა ყოფილიყო, თუმცა შემდეგში სართულიანობა გაორმაგდა, მესაკუთრე კომპანია შპს „მელიქიშვილი ინნ“-ია, რომლის მფლობელებიც, სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქეები უჩა მამაცაშვილი (50%) და ვახტანგ კარიჭაშვილი (50%) არიან.

ვახტანგ კარიჭაშვილი უკრაინის მიერაა დასანქცირებული. მისი ღვინის კომპანია Bolero & Company  ოცნების მსხვილი შემომწირველია, ივანიშვილის პარტიისთვის კარიჭაშვილის კომპანიას სხვადასხვა წლებში ნახევარ მილიონ ლარამდე აქვს შეწირული.  კარიჭაშვილი ერთ-ერთია იმ მსხვილი მეღვინეებიდან, ვისაც ღვინო რუსეთში გააქვთ. უკრაინის მიერ სანქცირებულთა სიაშია უჩა მამაცაშვილი და მისი ოჯახის წევრებიც.

რა გზა გაიარა ქონებამ ვიდრე მამაცაშვილი-კარიჭაშვილის გახდებოდა.

უძრავი ქონების რეესტრის მიხედვით, 2010 წლის მაისის დასაწყისში ტერიტორია და მასზე განთავსებული შენობა სახელმწიფოს საკუთრებაში იყო. 2010 წლის განმავლობაში მესაკუთრე რამდენჯერმე გამოეცვალა 2010 წლის 14 მაისს შპს "ჯანმრთელობა 2010"- ის მფლობელობაში გადავიდა. ივნისში კვლავ სახელმწიფომ დაიბრუნა. იმავე თვეში კი შპს "სახელმწიფო უზრუნველყოფის" საკუთრებაში გადავიდა (ამჟამად ლიკვიდირებული კომპანია), შემდეგ შპს "კავკასიის უძრავი ქონების ჯგუფი" ფლობდა, რომელმაც ბანკ "ქართუში" იპოთეკით დატვირთა. უკვე 2011 წლის ნოემბერში ქონებას ს.ს "პირიმზე" ფლობდა. იპოთეკარი კვლავ "ქართუა". 2011 წლის დეკემბერში ს.ს "პირიმზეს" იძულებითი აღსრულების წესით ჩამოერთვა ქონება და მესაკუთრე კვლავ სახელმწიფო გახდა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პირობით, ქონება 2012 წლის თებერვალში დაიბრუნა ს.ს "პირიმზესთან" დაკავშირებულმა შპს "PP"-მ, ქონება კვლავ "ქართუს" იპოთეკით იყო დატვირთული, "ქართუს" წარმომადგენელი კი დოკუმენტაციის მომზადებისას ამჟამინდელი უმრავლესობის დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი.

2017 წლის ივლისში იძულებითი აღსრულების საფუძველზე ქონების მესაკუთრე ბანკი "ქართუ" გახდა. 2018 წლის სექტემბრიდან ქონებას შპს Bolero & Company-ია ფლობდა, რომლის 100%-ის მფლობელიც ვახტანგ კარიჭაშვილია. 2021 წლიდან კი მამაცაშვილი-კარიჭაშვილის კომპანიის შპს მელიქიშვილი ინნ-ის მფლობელობაშია.

ავტორი: ნინო ზედგენიძე

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი