მკვლელობა თბილისში | "მთავარმა არხმა" ფიროსმანის ქუჩაზე მომხდარის ახალი დეტალები გაარკვია

გამოქვეყნდა:

ფიროსმანის მოედანზე სისხლიან დაპირისპირებას 27 წლის ტატო ფირცხალაიშვილი ემსხვერპლა. დაჭრილია ბრალდებული იოსებ ბალარჯიშვილიც. "მთავარი არხისთვის" ცნობილი ცხდება, რომ მას შემდეგ რაც ტატო ფირცხალაიშვილმა ქუჩაში მიმავალი ბალარჯიშვილი დაინახა, მოძრაობის წესები დაარღვია, საპირისპირო მხარეს გადავიდა და იოსებ ბალარჯიშვილს მანქანა განზრახ დააჯახა, რის შემდეგაც მანქანიდან გადმოსულ პირსა და დაღუპულს შორის ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო. ხელჩართული ჩხუბის დროს მხარეებმა ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. ორმხრივი სროლისას ტატო ფირცხალაიშვილი ადგილზე დაიღუპა.

დაჭრილი იოსებ ბალარჯიშვილი მომხდარიდან მალევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა კლინიკაში გადაიყვანეს. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა ახლა სტაბილურია და კლინიკიდან რამდენიმე დღეში გაწერენ საიდანაც მას დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანენ. ბრალს კი ოფიციალურად 48 საათის განმავლობაში პალატაში გააცნობენ. 

დაპირისპირებული მხარეები წარსულში მეგობრობდნენ თუმცა მათ შორის კონფლიქტი თვეების წინ გაჩნდა. მთავარ არხს ანონიმურად უყვებიან, რომ ტატო ფირცხალაიშვილმა 6 თვის წინ იოსებ ბალარჯიშვილი მეუღლის თანდასწრებით დაჭრა. მაშინ პოლიციას არავინ დაუკავებია, რადგან ბალარჯიშვილმა ფირცხალაიშვილს არ უჩივლა, მიუხედავად იმისა, რომ სისხლიანი დაპირისპირების დროს ახალგაზრდა კაცი მძიმედ დაიჭრა. 

ტატო ფირცხალაიშვილის ნაცნობები ყვებიან, რომ მოკლული ყოველთვის დაცვით დადიოდა და მკვლელობის დღესაც ჯავშანჟილეტით იყო. 

სისხლიანი დაპირისპირების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 პირი დააკავა. განზრახ მკვლელობისთვის, თავად დაჭრილი იოსებ ბალარჯიშვილი და 3 ახალგაზრდა კაცი, რომლებსაც უცწყება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან სათვალთვალო კამერის ჩანაწერები უკვე ამოიღო. ექსპერტ კრიმინალისტები კი დანაშაულის ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ. 

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი ბრალდებულებს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი