ჩხრეკა 3 სავარაუდო ე. წ. "ქოლცენტრში" ჩატარდა... ამოღებულია სხვადასხვა ტექნიკა, მოწყობილობები და დოკუმენტაცია | საგამოძიებო სამსახური

გამოქვეყნდა:

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ჩატარებულ ჩხრეკებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ საგამოძიებო მოქმედებები, სამ სავარაუდო ე. წ. "ქოლცენტრში" ჩატარდა. 

განცხადების თანახმად, ადგილზე მისულმა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გარკვეული ელექტრონული ინფორმაციის შემცველი სხვადასხვა სახის ტექნიკა, მოწყობილობები და დოკუმენტაცია ამოიღეს. 

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მიღებული ოპარატიული ინფორმაციის შესაბამისად, სამ სავარაუდო ე. წ. “ქოლცენტრში” ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები და მოსამართლის განჩინების საფუძველზე გაიჩხრიკა მითითებული ობიექტები.

მიღებული ინფორმაციით, ქოლცენტრების საქმიანობა დაკავშირებულია იმავე სახის დანაშაულთან, რა დანაშაულზეც აღნიშნული გამოძიება მიმდინარეობს და საქმე გვაქვს გაცილებით დიდი მასშტაბის ფინანსებთან. ასევე, ობიექტებზე დასაქმებულ პირთა ნაწილი დაკავშირებულია წინა პერიოდებში გამოვლენილ ანალოგიური სახის დანაშაულებრივ ქოლცენტრებთან.

ადგილზე მისულმა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს გარკვეული ელექტრონული ინფორმაციის შემცველი სხვადასხვა სახის ტექნიკა, მოწყობილობები და დოკუმენტაცია, რაც ამოღებულ იქნა სათანადო წესით.

საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით, საგამოძიებო სამსახური პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ," - წერია განცხადებაში. 

ეხება თუ არა ეს განცხადება, დღეს ჩხრეკებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ყველა შემთხვევას, მათ შორის ეთო ბუზიაშვილის და სოფო გელავას საქმეს - "მთავარი არხი" დაზუსტების მიზნით დაუკავშირდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს. როგორც უწყებაში განაცხადეს, გავრცელებული განცხადება ეხება დღეს მედიაში საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით გავრცელებულ ყველა შემთხვევას და ყველა ეს საქმე უკავშირდება ე.წ ქოლცენტრების საქმეს.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი