"ღირსეული, გამჭვირვალე და კანონიერი პროცესის ნაცვლად, ქართველებმა ფარსი მიიღეს", - ასე ეხმაურება სენატორი როჯერ ვიკერი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს. განცხადებაში წერია, რომ არჩევნებზე მანიპულირება არის მძიმე დარტყმა ქართული დემოკრატიისთვის, მისი ევროატლანტიკური მისწრაფებისა და სუვერენიტეტისათვის.
„გასულ შაბათს, ქართველი ხალხი მივიდა არჩევნებზე, რათა გამოეყენებინათ თავიანთი დემოკრატიული უფლება, აირჩიონ თავიანთი მომავალი მთავრობა. ღირსეული, გამჭვირვალე და კანონიერი პროცესის ნაცვლად, მათ მიიღეს ფარსი. საქართველოს ხალხის დემოკრატიულ არჩევანს ძირს უთხრიდა ყოვლისმომცველი დარღვევები, მათ შორის დაშინება, ძალადობა, ხმების შესყიდვა და შედეგები, რომლებიც მკვეთრად განსხვავდებოდა სანდო, დამოუკიდებელი წინასაარჩევნო გამოკითხვებისგან და ეგზიტპოლების შედეგებისგან, ისევე წინა არჩევნების ტენდენციებისგან.
ჩვენ ვიზიარებთ საქართველოს პრეზიდენტის ზურაბიშვილის რწმენას, რომ ეს არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი და არ ასახავს ხალხის ნებას. სამწუხაროდ, მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი "ქართული ოცნება", როგორც ჩანს, ფიქრობს, რომ რუსეთისა და მისი ავტორიტარული ღერძის გვერდით, მათ შეუძლიათ დაელოდონ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს დემოკრატიულ მოკავშირეებს. ისინი ცდებიან.
ამ არჩევნების მანიპულირება არ არის მხოლოდ დარტყმა საქართველოს მყიფე დემოკრატიისთვის, არამედ, შესაძლოა ბოლო მოეღოს ქვეყნის დიდი ხნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და შესაძლოა, მის სუვერენიტეტს. ეს არის საარჩევნო გაყალბება და მის არალეგიტიმურ შედეგს უნდა დაუპირისპირდეს სიცხადე და გამჭრიახობა. სანამ "ქართული ოცნება" არადემოკრატიული საშუალებებით და მოძალადე ავტორიტარების მეთვალყურეობის ქვეშ იჭერს ძალაუფლებას, ისინი მოიმკიან იმ ზიზღსა და იზოლაციას, რომელსაც ასე უხვად იმსახურებენ“, - წერს ვიკერი.