არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით დაწყებული ფასადური ძიების ფარგლებში დღეს "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი, თენგო თევზაძე მაგისტრ მოსამართლესთან გამოიკითხება. გამოკითხვის პროცედურაზე იბარებენ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრებსაც და "კოალიცია ძლიერი საქართველოსთვის" წარმომადგენლებს.

"სასაცილოა, როდესაც პროკურატურა იწყებს გამოძიებას არჩევნების გაყალბების საკითხზე და არჩევნების გაყალბების კითხვას ოპოზიციას და სადამკვირვებლო ორგანიზაციის წევრებს. მე არ მჯერა ამ გამოძიების, ვინაიდან ეს გამოძიება უნდა დაწყებულიყო საარჩევნო ადმინისტრაციის წევრების დაკითხვით და "ქართული ოცნების" შტაბის წევრების დაკითხვით. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ვიცოდეთ ვინ მივიდა არჩევნებზე, ვინ არიან ის პირთა წრე ვინც არჩევნებზე მივიდა და უნდა გაიხსნას ეს ბაზები. თუ პროკურატურას რეალურად უნდა გამოძიება უნდა გახსნას მან ეს ბაზები. ეს გამოძიება აუცილებლად მივა ბოლომდე, მაგრამ "ქართული ოცნების" პირობებში არა. არჩევნების გამყალბებლები აუცილებლად დაისჯებიან," - განაცხადა თენგო თევზაძემ გამოკითხვაზე შესვლამდე

მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვაზე დაბარებულია "ლელოს" წევრი საბა ბუაძეც. მისი თქმით, მას გამოკითხვისთვის მომზადებული აქვს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს არჩევნების გაყალბებას, თუმცა პროკურატურას სიმართლის გაგების სურვილი არ აქვს. 

"კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ოთარ ფარცხალაძის, იგივე ოთარ რომანოვის, აი ამ სიყალბის, ოროსნების და თაღლითების სამჭედლოს არ აქვს არანაირი საზოგადოებრივი ნდობა და ამას, ყოველდღიურად, პროკურატურა და მთლიანად ეს მართლმსაჯულების სისტემა ადასტურებს თავად. არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით მტკიცებულებები არსებობს საკმარისზე მეტი, მტკიცებულებები არსებობს, ფაქტობრივად, ყველა საარჩევნო ოლქთან მიმართებაში, მტკიცებულებები შეეხება როგორც არჩევნების დღემდე არჩევნების გაყალბების მცდელობას, ისე არჩევნების დღეს ჩადენილ დანაშაულს. მაგრამ ვხედავთ, რომ ჯერ-ჯერობით პროკურატურისგან გვაქვს ძალიან უხერხული და სამარცხვინო დუმილი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი. არავის თავში აზრადაც არ მოსვლია, რომ ასეთი რეზონანსის და მნიშვნელობის საქმეზე საზოგადოებისთვის ჩაებარებინა ანგარიში და ეთქვა ამ საცირკო წარმოდგენების პარალელურად რამეს მიაკვლიეს თუ არა...

მტკიცებულებები მე დღეს აქ მაქვს მოტანილი, მტკიცებულებები არის საკმარისზე მეტი და მზად ვარ, რომ ეს მტკიცებულებები წარვადგინო, თუმცა როგორც ნათქვამი არის, კარგ მთქმელს სჭირდება კარგი გამგონი და აქ არავის სიმართლის გაგონების სურვილი და მოტივაცია არ გააჩნია," - ამბობს საბა ბუაძე

გამოკითხვაზე დაიბარეს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ანა წითლიძეც. სავარაუდოდ, ისიც მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაიკითხება. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი