ხობში, პოლიციელმა ფინანსური დავის მოსაგვარებლად "კანონიერ ქურდს" მიმართა | სამართალდამცველებისა და კრიმინალების თანამშრომლობა

გამოქვეყნდა:

ხობში, საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა, იმისათვის რომ საკუთარი თანხა დაებრუნებინა, საქმეში ე.წ. კანონიერი ქურდი ჩართო. მეტიც, მევალემ მესენჯერით ვიდეო-კონფერენციაც გამართა, სადაც ე.წ. ქურდმა ვალის გადახდის გრაფიკი გაწერა. 

"მესენჯერში შემოვიდა ზარი, უცხო ადამიანი იყო ერთი ჩემთვის. ერთ ფანჯარაში  ქურდი იყო, მეორეში პოლიციელი... კანონიერი ქურდი ვარო საბერძნეთიდან,  ვარსკვლავები ჰქონდა. ამ დროს ჭითანავას  პატრულის ფორმა ეცვა და პოლიციის მანქანაში იჯდა..." - ჯაბა ჯანელიძის  ეს სკანდალური  ბრალდება  შესაძლოა შსს-ს თანამშრომლის  წინააღმდეგ ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება გახდეს.  

საქმე ორ პირს შორის  არსებულ ფინანსურ დავას ეხება, რომლის ერთი მხარე ჯაბა ჯანელიძეა, მეორე კი  ხობის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დავით ჭითანავა. 

ჯანელიძის მონაყოლით, პოლიციელმა ჭითანავამ  მისგან ვალის დასაბრუნებლად  კანონიერ ქურდებს მიმართა.

ვიდეოზარი,  რომლის შესახებაც  ჯაბა ჯანელიძე  "შაბათის მთავარს" უყვება,  8 აგვისტოს ფეისბუქის მესენჯერში შედგა.  ფოტო - სქრინიდანაც  ჩანს, რომ ვიდეოკონფერენციას  პოლიციელი ჭითანავა, ე.წ კანონიერი ქურდი ვინმე  რომა - შუამავალი და  ჯაბა ჯანელიძე ესწრება.  

ჯანელიძე  ამტკიცებს რომ  უცნობი პირი,  რომელიც მას  კანონიერი ქურდის სახელით გაეცნო,  მისგან კონკრეტულ ვალის დაბრუნებას კონკრეტულ დროში  ითხოვდა.

ჯანელიძე  გვიყვება, რომ ვიდეოკონფერენცია  პოლიციელისა და ე.წ კანონიერი ქურდის მონაწილეობით დაახლოებით  30 წამი გაგრძელდა. მისი მონაყოლით, მას შემდეგ,  რაც პოლიციელმა დავით ჭითანავამ მოვალისგან სასურველი პასუხი ვერ მიიღო,  გაღიზიანდა და მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა - "კისერს მოგაჭრიო  და ამ დროს გავთიშე ვერ გავაგრძელებდი საუბარს. ამას მამაჩემიც ისმენდა რას ჰქვია კისერს მოაჭრიო"

ჯანელიძის მონაყოლით,   მასსა და  პატრულის თანამშრომელს შორის  ყველაფერი თვეების წინ, საქმიანი ურთიერთობით  დაიწყო, როცა  ჯანელიძემ  მისი ოჯახის კუთვნილი ტაქსის კომპანიისთვის ავტომობილების შეძენა გადაწყვიტა.  საერთო ნაცნობმა  მას  პოლიციის თანამშრომელი, დავით ჭითანავა ურჩია, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნიდან ავტომობილები ჩამოჰყავდა.  ჯანელიძე  "შაბათის მთავართან" იხსენებს, რომ მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა, რის შემდეგაც  ხობში ჩავიდა და პოლიციელისგან სამი ავტომობილი  შეიძინა. ის ამტკიცებს,  რომ  ერთი ავტომობილის ფული   პოლიციელს მალევე  გადაუხადა,  რისი მტკიცებულებაც აქვს. დანარჩენი ორის თანხა  კი ურთიერთშეთანხმებით, ნაწილ-ნაწილ უნდა გაესტუმრებინა.

 ჯაბა ჯანელიძესა და დავით ჭითანავას შორის  არსებული ფინანსური დავა მხოლოდ ერთი ვიდეოკონფერენციით  არ ამოწურულა.  ირკვევა, რომ პოლიციის თანამშრომელმა ქურდული გარჩევის შემდეგ  მევალის წინააღმდეგ სამართლებრივი დავაც დაიწყო. ე.წ. ქურდული გარჩევიდან ორ თვეში   პატრულის თანამშრომელმა ჯანელიძეს ხობის პოლიციის განყოფილებაში  უჩივლა. ჯანელიძეს გამოძიება თაღლითობას ედავება.

 ქურდულ სამყაროსთან კავშირის და  თანამშრომლობის  მიუხედავად, დავით ჭითანავა  ისევ მოქმედი პოლიციელია  და  სამსახურებრივ მოვალეობასაც ასრულებს.  აგვისტოში გამართულ ვიდეოკონფერენციაზე კითხვების დასასმელად  მას სამსახურში, ხობის პოლიციაში მივაკითხეთ. თუმცა არ დაგვხვდა.

პოლიციელის წინააღმდეგ  გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა  მუქარის მუხლით დაიწყო.  თავის მხრივ,  გამოძიებაა დაწყებული ჯაბა ჯანელიძის წინააღმდეგაც, რომელსაც  ახლა  თავის მართლება და  იმის მტკიცება  უწევს რომ თაღლითობა, რომელსაც   ხობის პოლიცია ედავება, არ ჩაუდენია.  იმის გამო რომ საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ფიგურირებს,  ჯაბა ჯანელიძეს საქმის ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვს.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი