"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის და პარტია "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება. ნიკა გვარამიას ივანიშვილის პოლიცია გუშინ, 4 დეკემბერს "დროას" ოფისთან ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი დააკავა. მას
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან და მარნეულის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. ნიკა გვარამიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
დაკავებულია "კოალიცია ცვლილებისთვის" კიდევ ერთი წევრი ზურა დათუნაშვილიც. ადვოკატის თქმით, უცნობმა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა ადამიანმა დათუნაშვილის პროვოცირება მოახდინა, როგორც შემდეგ აღმოჩნდა სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული პროვოკატორი პოლიციელი იყო, რომელმაც მოგვიანებით დათუნაშვილის დაკავების ბრძანება გასცა. დათუნაშვილი "ქორთიარდ მერიოტთან", საღამოს მომხდარი დაპირისპირების დროს დააკავეს:
"დაკავების მომენტში ზურაზე განხორციელდა ძალადობა. ასევე, როდესაც ის საპატრულო პოლიციაში ჩასვეს და გადაჰყავდათ იზოლატორში მანქანაშიც მასზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა. ზურას აღენიშნება ხილული დაზიანებები კისრის არეში, ასევე, მარცხენა თვალი აქვს შესიებული, სხვა რამე ხილული დაზიანებები არ აქვს," - ამბობს დათუნაშვილის ადვოკატი.
დაკავებულია სამოქალაქო აქტივისტი საბა სხვიტარიძე, რომელიც ასევე სამოქალაქო ფორმაში გადაცმულ პოლიციელს დაუპირისპირდა. არსებული ინფორმაციით, ის ნაცემია:
სამმართველოს მეხუთე სართულზე, იზოლატორში გადაყვანამდე ფიზიკურად გაუსწორდნენ საბა სხვიტარიძეს
აი რეჟიმი ხომ შეიცვლება, სად წახვალთ ის ხალხი ოთახში, რომ ჩაკეტეთ საბა და მობადრაგო ელემენტები მიუშვით საცემად?
ვის უბედავთ ბიჭო თქვენ! რეჟიმი დაეცემა და მოვიცლით თქვენთვის, მოვიცლით." წერს სოციალურ ქსელში ნიაზ ჩიტიძე.
დაკავებულია ახალგაზრდული მოძრაობა "დაფიონის" ლიდერი ზვიად ცეცხლაძეც. მას სისხლის სამართლის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას გულისხმობს. ადვოკატის თქმით, ცეცხლაძე ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს.
ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი