ივანიშვილის საპოლიციო ძალების მიერ დაკავებული ნიკა გვარამია, რომელიც მარნეულის იზოლატორში იმყოფება, ცოტა ხნის წინ ადვოკატმა მოინახულა. სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება. ჯერჯერობით ცნობილი არაა, რას ედავება რეჟიმი კოალიცია ცვლილების ერთ-ერთ ლიდერს. სავარაუდოდ მას ბრალს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის და წვრილმანი ხულიგნობის მუხლით წაუყენებენ. ნიკა გვარამია გუშინ პოლიციამ პოლიტიკური პარტიის ოფისთან ძალადობრივი მეთოდებით დააკავა.
ნიკა გვარამიას ინტერესების დამცველმა, შეხვედრის შემდეგ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პოზიციაზე ისაუბრა. მისი თქმით, ნიკა გვარამია აქტივისტებს პროტესტის გაგრძელებისა და ევროპული მომავლის დაცვისკენ მოუწოდებს.
"ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი ნორმალურად არის. სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ ვიცით, რა მუხლით არის დაკავებული. ვიცით, რომ არის დაკავებული ადმინისტრაციული წესით, მაგრამ არანაირი დოკუმენტი არ ჩაბარებია. დამაბარა მეთქვა, რომ ის ყველას მოუწოდებს, გააგრძელონ ბრძოლა მტკიცედ და მოთმინებით. იქიდანაც კარგად ჩანს, რომ სისტემას სულ რამდენიმე დღე დარჩა და მისი მოწოდებაა, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა. "- აცხადებს ადვოკატი ქეთევან ჩომახაშვილი