ივანიშვილის რეჟიმი ფართომასშტაბიანი რეპრესიების დაკანონებას აანონსებს. ოცნების ინიციატივით, საჯარო სამსახურებში მარტივდება რეორგანიზაცია, ანუ ე.წ ხელისუფლებას ყოველგვარი დაბრკოლებისა და ახსნა-განმარტების გარეშე ეძლევა უფლებამოსილება გაათავისუფლოს სამსახურიდან საჯარო მოხელეები. ამ ინიციატივით კი არალეგიტიმური ხელისუფლება მას შემდეგ გამოვიდა, რაც სახელმწიფო უწყებებში მომუშავე თანამშრომლებმა ერთმანეთის მიყოლებით ხმამაღლა და საჯაროდ დაიწყეს ქართული ოცნების დაგმობა.
იურისტები დარწმუნებული არიან, რომ ერთის მხრივ ახალი რეპრესიული კანონის შემოღება ივანიშვილს პრევენციისთვის სჭირდება, რომ მოხელეები დააშინოს და გააჩუმოს, რადგან ბოლო დღეებში სხვადასხვა უწყების წარმომადგენელი მოურიდებლად და თამამად აპროტესტებს "ოცნების" მხრიდან დეკლარირებულ შეცვლილ საგარეო ვექტორს. მეორე მხრივ კი რეჟიმი უკანონობის დაკანონებას ცდილობს.
კიდევ ერთი ინიციატივით, ე.წ ხელისუფლება შინაგან საქმეთა მინისტრს ხელ-ფეხს უხსნის თავისი გემოვნებით გააფორმოს პოლიციელებად ადამიანები. ანუ მოქალაქეებს კონკურსის გავლის საჭიროება ეხსნებათ, ყველაფერი მხოლოდ რეჟიმის ნება-სურვილზე იქნება დამოკიდებული. ამიტომ ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ სისტემაში დაწყებული რყევის პარალელურად, არალეგიტიმურ "ოცნებას" ძალოვან სტრუქტურაში საკუთარი "ტიტუშკებისა" და ზონდერების დასაქმება სჭირდება.
აღმოჩნდა, რომ ბიძინა ივანიშვილს ფეიერვერკებიც აშინებს. ე.წ პრემიერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დაწესდება რეგულაციები პიროტექნიკაზეც. დემონსტრაციებზე კი აქციის მონაწილეებს ნიღბების ტარებას ეკრძალებათ.