საჯარო სამსახურის ბიუროს თანამშრომლები "ქართული ოცნების" მიერ "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში განხორციელებული ცვლილებების შესახებ განცხადებას ავრცელებენ და წერენ, რომ ცვლილებები ეწინააღმდეგება საჯარო სამსახურის კანონით განსაზღვრულ ღირებულებებსა და პრინციპებს.
"გვსურს, გამოვეხმაუროთ საქართველოს პარლამენტის მიერ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებულ ცვლილებებს.
საჯარო სამსახურის რეფორმისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია, უზრუნველყოს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული, სტაბილური და ერთიანი საჯარო სამსახურის შექმნა.
კანონში შეტანილი ცვლილებები სრულად ეწინააღმდეგება საჯარო სამსახურის რეფორმისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის გაცხადებულ სულისკვეთებას, აუარესებს საჯარო მოხელის უფლებრივ მდგომარეობას და საფრთხეს უქმნის უფლების დაცვის სამართლებრივი გარანტიების არსებობას.
ჩვენ, როგორც საჯარო სამსახურის ბიუროს თანამშრომლებს, რომლებიც ვემსახურებით დასავლურ ღირებულებებზე დაფუძნებული საჯარო სამსახურის სისტემის შექმნას, მიგვაჩნია, რომ განხორციელებული ცვლილებები ეწინააღმდეგება საჯარო სამსახურის კანონით განსაზღვრულ ღირებულებებსა და პრინციპებს. კანონში შესული ცვლილებები ხელს შეუშლის მიმზიდველი, პროფესიული და კეთილსინდისიერებაზე დაფუძნებული საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებას," - წერია განცხადებაში.
ხელმომწერები:
შეგახსენებთ, რომ "ოცნების" ინიციატივით, საჯარო სამსახურებში მარტივდება რეორგანიზაცია, ანუ ე.წ ხელისუფლებას ყოველგვარი დაბრკოლებისა და ახსნა-განმარტების გარეშე ეძლევა უფლებამოსილება გაათავისუფლოს სამსახურიდან საჯარო მოხელეები.