საჯარო სამსახურებში დასაქმებულებისთვის ქართული ენის ცოდნა სავალდებულო აღარ იქნება - ცვლილებები "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში

გამოქვეყნდა:

საჯარო სამსახურებში დასაქმებულებისთვის ქართული ენის ცოდნა სავალდებულო აღარ იქნება - ცვლილებები "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში შედის. კანონი დაჩქარებული წესით განიხილეს და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.

კანონის ავტორები და ინიციატორები არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატები არიან: ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, რატი იონათამიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი.

"2025-2028 წლების სამთავრობო პროგრამის მიხედვით, დაგეგმილია მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება საჯარო სამსახურის სფეროში. კერძოდ, შემუშავდება საჯარო სამსახურის განვითარების სტრატეგია, რომელიც შექმნის ერთიან ხედვას მიმზიდველი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბების, მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვის, საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანური კაპიტალის გაძლიერების, პროფესიონალიზმის ამაღლების, ძლიერი, ანგარიშვალდებული, ქმედითი საჯარო დაწესებულებების ფუნქციონირების ხელშეწყობის, ასევე შესაბამისი პოლიტიკური დონის პასუხისმგებლობის განსაზღვრისა და რეფორმის კოორდინირებული განხორციელების მიზნით. საჯარო სამსახურის სისტემის ერთიანობის უზრუნველსაყოფად და არსებული პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით, დაიხვეწება კანონმდებლობა და მკაფიოდ დადგინდება საჯარო სამსახურის ფარგლები, მათ შორის, დაზუსტდება საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამართლებრივი ჩარჩო. საჯარო სამსახურში დაინერგება ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე მექანიზმები, რაც ხელს შეუწყობს ადამიანური რესურსების მართვის ოპერაციული სისტემიდან ადამიანური კაპიტალის სტრატეგიული განვითარების სისტემაზე გადასვლას", - წერია განმარტებით ბარათში.
 

ამ ცვლილებებს ეხმაურება, იურისტი თამარ სურმავა და ცვლილებებს განმარტავს:

"საბოლოოდ, რა შეიცვალა "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში?

ახალი რედაქციით, საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მისი მოადგილეები აღარ მიიჩნევიან საჯარო მოხელეებად.

ეს პირები აწ უკვე იქნებიან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები.

რას ნიშნავს ეს? - ეს ნიშნავს, იმას, რომ:

პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს - იგივე შუა რგოლის მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებულ პირებს [მაგ. დეპარტამენტის უფროსი, მისი მოადგილე და სხვა] შეიძლება შეუწყდეთ ხელშეკრულება ნებისმიერ დროს 1 თვით ადრე გაფრთხილების პირობით. ასეთ დროს მიიღებენ მხოლოდ 1 თვის კომპენსაციას.

პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელების და მათ მოადგილეების - შუა რგოლის მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებული პირების [მაგ. დეპარტამენტის უფროსი, მისი მოადგილე და სხვა] ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის [მაგ. მინისტრის] უფლებამოსილების ვადას. ხოლო დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტა, იწვევს აწ უკვე ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირების უფლებამოსილების შეწყვეტას.

შუა რგოლის მენეჯერულ პოზიციებზე [მაგ. დეპარტამენტის უფროსი, მისი მოადგილე და სხვა] დანიშვნა განხორციელდება პირდაპირ დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, აღარ არის საჭირო კონკურსი.

მათთვის სავალდებულო მოთხოვნა აღარაა სახელმწიფო ენის ცოდნა, 18 წლის ასაკის მიღწევა. ასევე არ არის საჭირო მოხელის სერტიფიკატი. ეს მაშინ, როცა დაქვემდებარებაში მყოფ პირს ესაჭიროება სერტიფიკატი.

ეს პირები მინიმალურ დონეზეც აღარ არიან დაცულნი, რაც ზრდის მათზე გავლენის მოპოვების რისკებს.

ახალი რედაქციით, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი [მაგ. მინისტრი] საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ ნიშნავს ამ საჯარო დაწესებულების აწ უკვე ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, მის მოადგილეს [მაგ. დეპარტამენტის უფროსი, მისი მოადგილე] ან ამავე დაწესებულებაში მეორე რანგის თანამდებობაზე მომუშავე მოხელეს [ეს უკანასკნელი დარჩა].

რას ნიშნავს ეს? - ეს ნიშნავს იმას, რომ კადრების სწორად შერჩევაზე პასუხისმგებელნი ხდებიან მაგ. დეპარტამენტის უფროსი ან მისი მოადგილე, ხოლო მათი გათავისუფლება არის ძალიან მარტივი - საჭიროა მხოლოდ ერთი თვით ადრე გაფრთხილება.

ახალი რედაქციით, ყველა იერარქიული რანგის თანამდებობაზე მომუშავე მოხელის შეფასება მოხდება 6 თვეში ერთხელ, ნაცვლად წელიწადში ერთხელ შეფასებისა.

რას ნიშნავს ეს? - ეს ნიშნავს იმას, რომ წელიწადში 2-ჯერ მოხდება მოხელის შეფასება და ორივეჯერ არადამაკმაყოფილებლად შეფასების შემთხვევაში სამსახურიდან გათავისუფლდება. აქამდე, ეს პროცესი მოითხოვდა 2 წელს. ასევე, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები [მაგ. დეპარტამენტის უფროსი, მისი მოადგილე და სხვა.] აღარ ექვემდებარებიან შეფასებას.

ახალი რედაქციით, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი [მაგ. მინისტრი] უფლებამოსილია მოხელის შეფასების შედეგები შეცვალოს ამ მოხელის შეფასებიდან 1 თვის განმავლობაში.

რას ნიშნავს ეს? - ეს ნიშნავს იმას, რომ საჩივარი აღარ არის საჭირო შეფასების შესაცვლელად. არსებობს რისკი, რომ მისი გამოყენება მოხდეს ურჩი უშუალო ხელმძღვანელის გადაწყვეტილების გადასაფარად. მაგრამ ურჩად ყოფნა გაჭირდება, რამდენადაც შუა რგოლის მენეჯმენტის გათავისუფლება უკვე მარტივია. შეფასებამ კი მომავალში შეიძლება გავლენა იქონიოს მოხელის წახალისებაზე, კლასის მინიჭებაზე, სამსახურიდან გათავისუფლებაზე თუ სხვა.

ახალი რედაქციით, მოხელის მიერ არადამაკმაყოფილებელი შეფასების მიღების შემთხვევაში მას დაუკავდება თანამდებობრივი სარგოს 20% მისი მომდევნო შესაფასებელი პერიოდის დაწყებამდე.

რას ნიშნავს ეს? - ეს ნიშნავს იმას, რომ თუ მოხელემ მიიღო არადამაკმაყოფილებელი შეფასება, ან დაწესებულების ხელმძღვანელმა შეცვალა და შეაფასა არადამაკმაყოფილებლად, მას უნდა დაუკავდეს თანამდებობრივი სარგოს 20%.

მაგრამ, რამდენი ხანი უნდა დაუკავდეს? - ვფიქრობ კანონმდებელსაც ამაზე ბევრი არ უფიქრია. მითითებულია - "მომდევნო შესაფასებელი პერიოდის დაწყებამდე". ანუ თუ შესაფასებელი პერიოდი დასრულდა პირველ ექვს თვეში - მაგალითად ივნისის ბოლოს, ახალი შესაფასებელი პერიოდი იწყება უკვე ივლისში. შესაბამისად, რა პერიოდი უნდა დაუკავდეს მოხელეს ხელფასი ბუნდოვანია.

ახალი რედაქციით, მობილობის წესი არ ვრცელდება რეორგანიზაციის შემთხვევებზე.

რას ნიშნავს ეს? - ეს ნიშნავს იმას, რომ თუ დასაქმებული გათავისუფლდება რეორგანიზაციის საფუძვლით, იგი საერთოდ თავისუფლდება.

ახალი რედაქციით, მოხელეს უნარჩუნდება საკლასო დანამატი მხოლოდ საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უფრო დაბალი იერარქიული რანგის თანამდებობაზე გადაყვანისას.

რას ნიშნავს ეს? - ეს ნიშნავს იმას, რომ რეორგანიზაციის დროს აღარ მოიაზრებენ უფრო დაბალი იერარქიული რანგის თანამდებობაზე მოხელის გადაყვანას [მობილობა აღარ ვრცელდება რეორგანიზაციაზე] და შესაბამისად, საკლასო დანამატის შენარჩუნებას.

თუმცა, დიდი ალბათობით კანონმდებელს არ გაახსენდა კანონის 103-ე მუხლის მეორე წინადადების დანაწესი, რომლის მიხედვითაც რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება. ხოლო თუ გადაადგილება მოხდა უფრო დაბალი რანგის პოზიციაზე, საკლასო დანამატის შენარჩუნება აღარ არის გათვალისწინებული. ეს მიუთითებს იმაზე, რომ კანონის მიზანი არის ის, რომ რეორგანიზაციის დროს მოხელე მხოლოდ გაათავისუფლონ სამსახურიდან.

ახალი რედაქციით, მოხელის სამსახურიდან რეორგანიზაციის საფუძვლით გათავისუფლების შემთხვევაში მას არ მიეცემა არანაირი სახის კომპენსაცია. რეორგანიზაციის საფუძვლით გათავისუფლების თაობაზე მოხელეს უნდა ეცნობოს 1 თვით ადრე. 1 თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაციას მოხელე მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 1 თვით ადრე არ აცნობებენ.

ახალი რედაქციით, მოხელის სამსახურიდან რეორგანიზაციის საფუძვლით გათავისუფლების შემთხვევაში გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს ამ აქტის მოქმედებას. ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილებით მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში არ მოხდება მოხელის სამსახურში აღდგენა. მიეცემა მხოლოდ 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით კომპენსაცია.

რას ნიშნავს ეს? - ეს ნიშნავს იმას, რომ რეგულაცია ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს 31/07/2015წ. №2/3/630 გადაწყვეტილებას, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ძველი ნორმა, რომელიც აწესებდა იძულებით განაცდურზე 3 თვიან ლიმიტს. ახალი რედაქციით, ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მათ მოადგილეები - იგივე შუა რგოლის მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებული პირები მიიჩნევიან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად. მათ შეუნარჩუნდეთ შრომის ანაზღაურება.

რას ნიშნავს ეს? - ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ზუსტად დღეს ეს პირები არიან უვადოდ დასაქმებული საჯარო მოხელეები, კანონის ამოქმედების შემდგომ აბსოლუტურად დაუცველები იქნებიან. ახალი რედაქციით, გარდამავალ პერიოდში სსიპ-ებზე ვრცელდება რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ნორმები. ასევე, სსიპ-ების პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებზე ვრცელდება, ამ კანონით გათვალისწინებული ის ნორმები, რომლებიც მათ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად მიიჩნევს და მათთან ურთიერთობას აწესრიგებს.

რას ნიშნავს ეს? - ეს ნიშნავს იმას, რომ სსიპ-ებშიც იგივე მოცემულობა იქნება, რაც ზემოთ არის აღწერილი", - წერს იურისტი. 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი