გდდ-ის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილ უფროსს, ირაკლი შაიშმელაშვილს, რომელმაც ქვეყანა ოჯახთან ერთად დატოვა, არასრულწლოვანი შვილების უსაფრთხოების ხელყოფით ემუქრებოდნენ - ამის შესახებ ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე საუბრობს, რომელიც ადასტურებს, რომ შაიშმელაშვილს ქვეყნის დატოვებაში დაეხმარა. ჩიკვაიძე ამბობს, რომ პატაკის დაწერის შემდეგ, იყო მცდელობა შაიშმელაშვილის წინააღმდეგ საქმეც აღეძრათ:
"ამ ფორმით დამყარდა ჩემსა და ირაკლის შორის ურთიერთობა, რადგან მე უკვე ამ რეჟიმის ქმედებების მიმართ გარკვეული რეზისტენტობა და გამოცდილება მქონდა. შემდეგ ამ ყველაფერში ჩავრთეთ ჩემი კავშირები როგორც ამერიკის ნაწილთან, ეს იქნებოდა საელჩოს დონეზე თუ თეთრი სახლის ადმინისტრაციის ახალ შემადგენლობასთან და მოხდა ამ ადამიანის ევაკუაცია საქართველოდან, გაყვანა ამ ჩართულობით.
ამის რეალური მიზეზები არსებობდა, რადგან პატაკის დაწერის დღიდანვე ამ ადამიანის მიმართ დაიწყო მუქარები. აქ საუბარი იყო მისი არასრულწლოვანი შვილების უსაფრთხოების ხელყოფაზე, რაც ჩვენთვის ინდიკატორი იყო მთელი ამ მოქმედებების დაგეგმვისა და მეტსაც გეტყვით, ამ რეჟიმს ჰქონდა გარკვეული მცდელობები მის მიმართ გარკვეული საქმის წარმოების დაწყების, თუმცაღა მათ დააგვიანდათ მოქმედებები და დღეს ირაკლი არის უსაფრთხოდ აშშ-ში...
გამიჭირდება იმის თქმა ამ მუქარის ავტორი გახლდათ ხარებას ბანდფორმირებები, თუ უშუალოდ გომელაურის გარემოცვა , მაგრამ ერთს ნამდვილად გიდასტურებთ, რომ მუქარა შეეხებოდა მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოების ხელყოფას და უშუალოდ საუბარი იყო ირაკლის არასრულწლოვან შვილებზე" განუცხადა ჩიკვაიძემ "ფორმულას".
ინფორმაცია, რომ გდდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა ქვეყანა დატოვა გუშინ, მისივე სოციალური ქსელიდან გახდა ცნობილი. შაიშმელაშვილი მადლობას უხდის საქართველოს პრეზიდენტს, აშშ-ის საელჩოსა და გიორგი ჩიკვაიძეს.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი შაიშმელაშვილმა თანამდებობა 3 დეკემბერს დატოვა.