"შაბათის მთავარის" წყარო: ახალი წლის ღამეს, ბესელიამ და დგებუაძემ ღამის კლუბის თანამშრომლებს სცემეს | დეტალები ბათუმიდან და დგებუაძის გამოკითხვის ოქმი

გამოქვეყნდა:

ჩხუბი რომელსაც ყველა მალავს, "შაბათის მთავარის" წყაროს ინფორმაციით ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბში ახალი წლის ღამეს მოხდა.

დაწესებულის დაცვის წევრი დაპირისპირებას სავარაუდოდ პირადად შეესწრო, თუმცა დეტალებზე  საკუთარი უსაფრთხოების გამო არ საუბრობს. ამბის დადასტურების შემთხვევაში მას პრობლემები პოლიციასთან შეექმნება. 

კონფიდენციალური წყაროს მონაყოლით 31 დეკემბრის ღამეს, კლუბ "ეკლიპსში"  კლუბის რამდენიმე თანამშრომელი აჭარის პოლიციის მაღალჩინოსნებმა სასტიკად სცემეს. წყაროს ინფორმაციით დაპირისპირებაში პირადად მონაწილეობდნენ სამხარეო პოლიციის უფროსი გრიგოლ ბესელია და ბათუმის პოლიციის ხელმძღვანელი ირაკლი დგებუაძე. 

წყაროს ინფორმაციითვე, კლუბში დაწყებული დაპირისპირება გარეთაც გაგრძელდა და მასში მონაწილეობას შსს-ს ის თანამშრომლები იღებდნენ, რომლებიც ბესელიამ და დგებუაძემ გამოიძახეს. 

წყაროს მონათხრობით, პოლიციის ხელმძღვანელებმა და მათმა თანმხლებმა პოლიციელებმა კლუბის დაცვის თანამშრომელი და დიჯეი ისე სცემეს, რომ ორივეს საავადმყოფოში მოთავსება დასჭირდათ. ნაცემი დიჯეი, ჩვენი ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეა.  

 პოლიციის მაღალჩინოსნების მერ ჩადენილ დანაშაულს შსს-ც და დაზარალებულებიც 18 დღეა საგულდაგულოდ მალავენ. გომელაურს მისი რჩეული პოლიციელების მხილება არ სურს, დაზარალებულები კი დაშინებულები არიან.  თუმცა წყარო, რომელმაც ახალი წლის ღამეს მომხდარი ჩხუბისა და პოლიციელების ანგარიშსწორების შესახებ მოგვიყვა,  ამ ძალადობის ერთ-ერთი მთავარი თვითმხილველია. ის გვიმტკიცებს  რომ დაპირისპირება პოლიციელებსა და დაცვის თანამშრომელს შორის ღამის კლუბის შესასვლელთან დაიწყო, მაშინ როდესაც ბესელიასა და დგებუაძეს კლუბის ტერიტორიაზე დასაშვებად ღონისძიების ბილეთები მოსთხოვეს. როგორც ჩანს პოლიციის მაღალჩინოსნებმა, რომლებსაც ბათუმში ყველაფერი გასდით, ეს იუკადრისეს და კლუბში თანმხლებ პირებთან ერთად მაინც შევიდნენ. წყაროს ცნობით, ადგილზე პირველი რაც ქნეს, მუსიკის გათიშვა მოითხოვეს, უარის მიღების შემდეგ კი მოწვეულ დიჯეის სცემეს.

წყაროს ინფორმაციით, ახალი წლის ღამეს ბესელია- დგებუაძეს თან ახლდა და დაპირისპირებაშიც მონაწილეობდა ბათუმის პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი გოჩა ვანიძე. სხვების მსგავსად ჩვენს შეკითხვებს ისიც თავს არიდებს.

როგორც ჩვენი წყარო ამტკიცებს, პოლიციის მაღალჩინოსნების მიერ, ღამის კლუბის ნაცემი თანამშრომლები  მრავლობითი დაზიანებებით რამდენიმე დღე კლინიკაში იმყოფებოდნენ, მკურნალობის პარალელურად ნაცემ მოქალაქეებთან პოლიციელები მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ რომ მომხდარის შესახებ არავისთან არაფერი ეთქვათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მრავალწლიანი პატიმრობით ემუქრებოდნენ.

გრიგოლ ბესელია ირაკლი დგებუაძის ნათლიაა და ბათუმის პოლიციის უფროსადაც დგებუაძე სწორედ ბესელიას ინიციატივით დაინიშნა, "ოცნების" ხელისუფლების პირობებში. ის წლები რიგით ოპერად მუშაობდა და მისი მთავარი მოვალეობა საპროტესტო აქციებზე ქუჩაში გასული ადამიანებისთვის ფოტოების გადაღება იყო.

პირველად კი დგებუაძემ თავი ბათუმში რუსული გემის ამბებზე გამოიჩინა, როცა აქციაზე ნათლიასთან ერთად მივიდა და მომხდარის გასაპროტესტებლად მისული მოქალაქეები ძალით დააჭერინა.

წლების მანძილზე, ბესელიასა და დგებუაძის სახელი არაერთს საქმეს დაუკავშირდა. მათ შორის ჩვენს არქივშიც არის ინტერვიუები, როცა პოლიციის მაღალჩინოსნებს ძალადობაში სდებენ ბრალს. 

მზია ამაღლობელის საქმე

მზია ამაღლობელი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო ახლა წინასწარ პატიმრობაშია. "შაბათის მთავარმა" ირაკლი დგებუაძის გამოკითხვის ოქმი მოიპოვა. ამ დოკუმენტის მიხედვით ბათუმის პოლიციის უფროსი მომხდარს ისე აღწერს, რომ ბევრ დეტალს მალავს. მაგალითად არ ამბობს რა უთხრა მზია ამაღლობელს ისეთი, რის გამოც "ბათუმელების" დამფუძნებლისგან სილა დაიმსახურა. აღსანიშნავია რომ დგებუაძის მონაყოლი სრულად იმ კადრებზეა მორგებული, რომელსაც გამოძიება მზია ამაღლობელის წინააღმდეგ იყენებს. კადრებს ხმა არ აქვს.

ჩვენებაში დგებუაძე ამტკიცებს რომ ქალის დარტყმულით მძიმე ფიზიკური ტკივილი განიცადა. ეს ფრაზა არის მთავარი დეტალი რის გამოც "ბათუმელების" დამფუძნებლის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის წესით მიმდინარეობს. 

"გამოძიების მიერ დასმულ კითხვაზე გიპასუხებთ,რომ მზია ამაღლობელმა მე ხელით მომქაჩა პოლიციის ქურთუკზე, მივბრუნდი მისკენ, რა დროსაც მან მოულოდნელად დამარტყა მარცხენა ხელი მარჯვენა სახეში, ლოყისა და ყურის არეში...

დარტყმის შედეგად, მარჯვენა ლოყაზე და მარჯვენა ყურზე აღმენიშნება სიწითლე, დარტყმის დროს განვიცადე ტკივილი."

დაკავებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის თქმით კი დგებუაძის მხრიდან მასზე ძალადობა განყოფილებაშიც გაგრძელდა.  ჟურნალისტის უფლებადამცველებმა კი პოლიციის მაღალჩინოსნის მხრიდან სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტებაზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართეს.

"მზია ამაღლობელმა დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს პოლიციის განყოფილების ეზოსა და განყოფილების შენობაში მასზე განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ეპიზოდებზე. მისი დაკავების შემდგომ, ირაკლი დგებუაძე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ხოლო შემდგომ, პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა, თუმცა, პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა. ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში და აგრძელებდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ, ერთ-ერთი ასეთი შესვლისას, მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის  და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება."

მზია ამაღლობელი არ არის ერთადერთი, ვინც ირაკლი დგებუაძეს უფლებამოსილების გადამეტებასა და ძალადობაში ადანაშაულებს. ადმინისტრაციული წესით დაკავებული მსახიობი მალხაზ ირემაძე იხსენებს, რომ დაკავების შემდეგ სამმართველოს ერთ-ერთი ოთახში დგებუაძემ მასზე  ფიზიკურად იძალადა. როგორც მსახიობი ამტკიცებს, ბათუმის პოლიციის უფროსის ძალადობას სხვა თანამშრომლები უყურებდნენ.

 არც ერთმა იმ პოლიციელმა, რომლებიც ძალადობაში არიან მხილებული, ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი შაბათს | 18.01.2025
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი