"ჩემი შვილი შეეწირა 2012 წლის არჩევნებს"- 8 წელი ბარბარე რაფალიანცის სიკვდილიდან 

გამოქვეყნდა:

8 წელი ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალებიდან - ბოლო წლების ყველაზე ხმაურიანი და სკანდალური საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია. ისევ გაურკვეველია როგორ აღმოჩნდა 10 თვის მძინარე ბავშვი, საძინებელი ოთახის გვერდით მდებარე მარანში, წყლით სავსე ქვევრში ისე, რომ არავის არაფერი დაუნახავს. 

8 წლის შემდეგ, რაფალიანცის დედა "მთავარ არხთან" საუბარში ტრაგედიის ღამეს იხსენებს და ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" მისი შვილის სიკვდილი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა, საქმე თაროზე შემოდო და ბევრი დაპირების მიუხედავად მისი გამოძიება აღარც უცდია. 

8 წელი შესრულდა დღეს რაც შვილი წამართვეს. 8 წლის მანძილზე ველოდებოდი რომ გამოიძიებდა ეს მთავრობა, ვთხოვდი, ძალას არ ვიშურებდი, რამდენჯერ ჩავედი, ყველანაირად ვეცადე მიმეწვდინა ჩემი ხმა. რას და ვის შესწირეს ჩემი შვილი ხომ მაქვს უფლება ვიცოდე? პოლიტიკურია თუ არ არის პოლიტიკური მაგის გამოძიებასაც ვითხოვდი" - ამბობს თათია მექერიშვილი

მისივე თქმით, 8 წლის წინ, "ნაციონალური მოძრაობა" შვილის მკვლელობაში ცხელ გულზე დაადანაშაულა და დღეს ასე აღარ ფიქრობს.

რაც შეეხება გურჯაანის მაჟორიტარობის მაშინდელ კანდიდატს, მანანა ბერიკაშვილს, რომელიც ტრაგედიის ღამეს კოლაგში ჩავიდა და ოპონენტს "ენმ"-დან უმძიმესი ბრალდება - ბავშვის მკვლელობა პირდაპირ ეთერში წაუყენა, როგორც შვილმკვდარი დედა ამბობს, რაფალიანცების ტრაგედია აღარც გახსენებია.

მაშინ ეს ყველაფერი იყო მოჩვენებითი რომ ვითომ გვერდში მედგნენ და ყველაფერს გააკეთებდნენ. ბევრჯერ ვითხოვე ბერიკაშვილთან შეხვედრა, მაგრამ ძაღლადაც არ ჩამაგდეს და პასუხი არ გამცეს... მე მაშინ ნაადრევი გადაწყვეტილება მივიღე და ცხელ გულზე დავადე ნაციონალებს ხელი, მაგრამ თუ "ნაციონალების" გაკეთებული იყო, "ოცნება" ხომ მოვიდა? რატომ არ გამოიძიეს?" - ამბობს თათია მექერიშვილი.

მისივე თქმით, დაპირებად დარჩა "ოცნების" პირველი შს მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და მომდევნო მინისტრების დაპირება რომ საქმეს გამოიძიებდნენ. მეტიც, მექერიშვილი ამბობს, რომ აღარც გამომძიებელი და აღარც ადვოკატი, მის სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობენ - ჩემი შვილი შეეწირა 2012 წლის არჩევნებს და ამ არჩევნებით მოვიდა ოცნება - ამბობს ბარბარე რაფალიანცის დედა.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის ღამეს, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში 10 თვის ბარბარე რაფალიანცი ქვევრში დამხრჩვალი ნახეს. საქმე მაშინვე იქცა პოლიტიკურად, რადგან ბავშვის დეიდა, რომელიც საარჩევო უბანზე „ქართული ოცნების“ დამკვირვებელი იყო, ამბობდა რომ "ნაციონალური მოძრაობიდან" ემუქრებოდნენ.

მომხდარიდან რამდენიმე წუთში, "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა მანანა ბერიკაშვილმა თქვა, რომ ბავშვი მოკლული იყო და მკვლელობაში მაშინდელი ხელისუფლება დაადანაშაულა:

მე ვიცი, რამდენი ხნის განმავლობაში ემუქრებოდა “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი ოჯახს. ოჯახის წევრები ვერ მოისყიდეს და თავის მხარეზე ვერ გადაიყვანეს, ფულიც კი შესთავაზეს და მას შემდეგ, რაც ვერაფერს გახდნენ, ასე გაუსწორდნენ ოჯახს”- ამბობდა  ბერიკაშვილი 2012 წელს.

ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ კი საქმე შს მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პირად კონტროლზე აიყვანა. მოგვიანებით, მას შემდეგ რაც გამოძიებამ შედეგი ვერ დადო, ღარიბაშვილმა ხელი წინა ხელისუფლებისკენ გაიშვირა:

"ჩვენ სამინისტროში დავინიშნეთ 25 ოქტომბერს. პრაქტიკულად, 1 ნოემბერს შევუდექით საქმიანობას. მანამდე ერთი თვე ჯერ კიდევ წინა ხელისუფლება იყო და ის ასრულებდა მოვალეობებს. სწორედ ამ პერიოდში უნდა მომხდარიყო ამ დანაშაულის გახსნა"- ამბობდა ღარიბაშვილი 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი