ბათუმში დაკავებული თემურ ქათამაძე ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. გამოცემა "ბათუმელებისთვის" გაგზავნილ წერილში ის წერს, რომ დგებუაძე და კიდევ 10 პოლიციელი მას 10 წუთის განმავლობაში ფიზიკურად უსწორდებოდნენ. ქათამაძის ცნობითვე, მასზე ძალადობის პროცესს ესწრებოდა პოლიციის ოფიცერი თენგიზ კვირკველიაც.
„11 იანვარს ბათუმის სამმართველოს წინ მიმდინარე აქციაზე უკანონო დაკავების შემდეგ, ირაკლი დგებუაძე და 10 პოლიციელი 10 წუთის განმავლობაში ფიზიკურად მისწორდებოდნენ მის კაბინეტში. გაშლილი ხელებით ხელის შიდა არეს მირტყამდნენ თავზე, სახეზე. დივანზე 2 პოლიციელი ხელებს მიჭერდა. ამ ცემის შემდეგ ოფიცერი თენგიზ კვირკველია დამემუქრა ასეთი სიტყვებით: „ბოლოს შენც მოხვდი აქ, მედროშე ბაბუ! მე შენ გიცნობ, უწყების პასუხი ჩაგაბარე. შენ ახლა მოგიწევს დეპორტი“.
მე ვუპასუხე: „აჰა, შენ ის ხარ, ვინც ჩამაბარა ყალბი დოკუმენტი იაგო დავითაძის [ხელვაჩაურის პოლიციის მოქმედი უფროსის] წინააღმდეგ საჩივრის შეწყვეტისთვის?“...
ჩემი ცემა-ტყეპის დროს უცენზურო შეურაცხყოფა მომაყენეს – „დედა, მამა, ბაბუა, ბებია, აკვანში ჩვილი შვილი, ჯიშ-ჯილაგზე შემაგინა 10-მა პოლიციელმა ირაკლი დგებუაძის მონაწილეობით. ასევე რასისტული სიტყვებით „შენო ძაღლო და თურქო, რა გინდა საქართველოში, გაეთრიე აქედან“.
მე ვუპასუხე: „თურქს ნუ მეძახით, მე თურქი არ ვარ, მე სულით და გულით ქართველი ვარ-მეთქი“.
მიპასუხეს – „მაშინ საქართველოში რატომ არ დაიბადე? საქართველოს მოქალაქეობა არ გაქვს?“ ვუპასუხე, რომ 10 წლის განმავლობაში სამჯერ მივმართე [საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად].
შემდეგ ჩემი თანდასწრებით იგივე კაბინეტში გელა ბასილაძის [ჩემი ცემა, შეურაცხყოფის მხილველი, ის ბრძანებას აძლევდა მოძალადე პოლიციელებს] თენგიზ კვირკველიას და ბექა ღომიძის მეთაურობით… შეადგინეს ყალბი დაკავების ოქმი...“ – ვკითხულობთ წერილში, რომელიც „ბათუმელებს“ თემურ ქათამაძემ ციხიდან გამოუგზავნა.
ბათუმის აქციების ერთ-ერთი სიმბოლო, მედროშე თემურ ქათამაძე 16 იანვარს, ადმინისტრაციული პატიმრობის ამოწურვის შემდეგ, სამტრედიის იზოლატორიდან გათავისუფლებისთანავე დააკავეს.
18 იანვარს სამტრედიის სასამართლომ მას სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა, რომელსაც ის თბილისში, უცხოელთა დროებითი მოთავსების იზოლატორში გაატარებს, ვიდრე მისი ქვეყნიდან გაძევება /არგაძევების საკითხი არ გადაწყდება.
17 იანვრის შემდეგ თემურ ქათამაძე პროტესტის ნიშნად შიმშილობს.