აზერბაიჯანის რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების სააგენტო ქართულ სამთავრობო მედიას კულტურულ მემკვიდრეობაზე საავტორო უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, ამის შესახებ აზერბაიჯანულმა მხარემ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს - საქპატენტს წერილით 2024 წლის 21 ოქტომბერს მიმართა, მიმდინარე წელს კი მიიღო პასუხი და პირობა, რომ საკითხს დეტალურად შეისწავლიან და შესაბამის ღონისძიებებს განახორციელებენ.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, პრეტენზია ეხება 2023-2024 წლებში 1TV.GE-ის, "იმედის" და "რუსთავი2-ის" ეთერში გასულ გადაცემებს.კერძოდ, 2023 წლის 3 ნოემბერს 1TV.GE არხზე გადაცემაში "ნატალია და დათუნა", ცეკვა "ბასქალის“, მელოდია რომლის ავტორი და შემსრულებელია აზერბაიჯანის სახალხო არტისტი აფთანდილ ისრაფილოვი, წარმოდგენილი იყო სახელწოდებით "სომხური შალახო". 2024 წლის 14 სექტემბერს ტელეკომპანია იმედის გადაცემა "ჩვენ შოუში" აზერბაიჯანულ ცეკვაზე (მუსიკაზე) დაწერილი და დოდონა ნამორაძის მიერ შესრულებული სიმღერა "ბასქალი" კვლავ წარადგინეს სახელწოდებით "სომხური შალახო". 2024 წლის 24 მაისს" რუსთავი2-ის" ეთერში გადაცემაში "პაატას და ნიკას შოუ" წარმოდგენილი იყო აზერბაიჯანული ხალხური სიმღერის "ბუ ქალა, დაშლი ქალას" ( "ეს ციხე, ქვის ციხე)" ქართული ვარიანტი "სიყვარულს გპირდები", მაგრამ არ იყო ნახსენები, რომ სიმღერა იყო აზერბაიჯანული.
წერილში აზერბაიჯანული მხარე ითხოვდა მიზეზების გარკვევას, ასევე ქართველი კოლეგებისგან ითხოვდნენ გატარებული აუცილებელი ზომების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და საკითხის მუდმივი კონტროლის ქვეშ აყვანას, რათა მსგავსი შემთხვევები არ განმეორდეს.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მიმდინარე წელს მიღებულ წერილში საქპატენტმა დაარწმუნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების სააგენტო, რომ ზემოაღნიშნული საკითხი დაზუსტდება და გატარდება აუცილებელი ზომები სამართლებრივი დავების მოსაგვარებლად.