"თქვენ ხართ ერთ-ერთი მთავარი ფიგურა მედიის და დამოუკიდებელი ჟურნალისტების განადგურების მცდელობის პროცესში", - Batumelebi.ge-სა და netgazeti.ge-ს რედაქტორის, ეთერ თურაძის წერილი ტელეკომპანია "იმედის" მფლობელს, ირაკლი რუხაძეს მიმართავს.
"ბატონო ირაკლი,
„რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში მზია ამაღლობლის საქმესთან დაკავშირებით თქვენ თქვით, რომ არ იცნობთ ამ საქმეს. თუმცა იქვე „პოლიციელზე თავდასხმა“ შეაფასეთ ქმედებად, რომელიც დასჯადია და ჟურნალისტობა ამ საკითხთან არაფერ კავშირშია. ეს ზუსტი ციტირება არ არის, რადგან თქვენი სიტყვების მეორედ მოსმენას არ ვაპირებ.
ამ წერილის მიზანია, მომავალში არ გქონდეთ ფუფუნება თქვათ, რომ არ იცით მზია ამაღლობლის საქმე, უფრო სწორად, კითხვაზე პასუხის გაცემისაგან თავის არიდების ფუფუნებას არ დაგიტოვებთ.
მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა „გაზეთი ბათუმელები“ და იმ დღიდან მოყოლებული, თქვენგან განსხვავებით, არათუ უყურებს მის მიერ დაფუძნებული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, არამედ ზუსტად იცის თითოეული ახალი ამბავი, როგორ და რომელმა ჟურნალისტმა გააშუქა. იცით რატომ? თქვენგან განსხვავებით, მას ესმის მედიის როლი, იცის სიზუსტის, მიუკერძოებლობისა და სამართლიანი მოპყრობის სტანდარტი და აქვს პასუხისმგებლობა მკითხველისა და მაყურებლის წინაშე, რაც მათთვის სწორი და სანდო ინფორმაციის მიწოდებაში გამოიხატება.
მზია ამაღლობელს და ჩვენს მედიაგამოცემას დევნიდა ყველა ხელისუფლება დაფუძნების დღიდან, ჩვენ მაინც მივდიოდით წინ და ვიზრდებოდით. მაგრამ ის, რასაც აკეთებს დღევანდელი ხელისუფლება, არ გაუკეთებია არც ერთს და ცუდ სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდით, რომ ოდესმე ისევ აღმოვჩნდებოდით საბჭოთა სულისკვეთების რეპრესიების პირისპირ.
ეს ომი თქვენ და თქვენნაირებმა, ვითომ დასავლეთში განათლებამიღებულმა პირებმა, გაუნათლებელი ბიძინა ივანიშვილის მორჩილებით და ერთგულებით დაიწყეთ რუსული კანონის მიღებით. თქვენ ხართ ერთ-ერთი მთავარი ფიგურა მედიის და დამოუკიდებელი ჟურნალისტების განადგურების მცდელობის პროცესში.
მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს პირველად იმიტომ დააკავეს, რომ ის სარგებლობდა საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული გამოხატვის თავისუფლებით. შესაბამისად, ეს დაკავებაც იყო უკანონო. მან პოლიციის შენობის დამხმარე ნაგებობას მიაკრა სტიკერი, რომელიც იქვე ისე ჩამოხსნა პოლიციელმა, რომ ამ ღობეს სტიკერის კვალიც კი არ დარჩენია.
პოლიციის შენობაში მყოფ მზია ამაღლობელს ერთი საათის განმავლობაში ესმოდა რამდენად სასტიკად სცემდნენ დაკავებულ ადამიანებს პოლიციელები, ერთ ადამიანს ურტყამდა 10 პოლიციელი, ხოლო ირაკლი დგებუაძე ცემით არ კმაყოფილდებოდა და ყველა მათგანს სახეში აფურთხებდა.
გსმენიათ რამე იმის შესახებ, რომ პოლიციელმა დაკავებულს არ უნდა სცემოს და პოლიციელს აკრძალული აქვს ადამიანის მიმართ სასტიკი, არაადამიანური, დამამცირებელი და ღირსების შემლახავი მოპყრობა? ეტყობა არა, მზიამ კი ზუსტად იცის, რომ ეს დაუშვებელია!
პოლიციის შენობიდან გამოსული მზია ამაღლობელი იმავე დღეს უკვე მეორეჯერ შეესწრო ფაქტს, როგორ დაიწყეს მშვიდად მდგომი ადამიანების დაკავება (რომლებიც არ აკრავდნენ სტიკერებს არსად, არც მიწაზე, არც კედელზე, საერთოდ არ აკრავდნენ!), მზიას ამბის გასაგებად მოსული ახლობლების დაკავება.
და ამჯერად, უკვე თავად მზია ამაღლობელი ათრია პოლიციამ, მას აქვს დაზიანებული ორივე ხელი და სხეულის სხვა ნაწილები; ასფალტზე თრევისას, დიახ თრევისას, მას გასძვრა ფეხსაცმელი, თქვენი და თქვენნაირი პროპაგანდისტი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ კადრებში კი, რომელსაც მის წინააღმდეგ იყენებთ, მზია დგას ცალი ფეხით შიშველი და მარცხენა ხელს იყენებს იმიტომ, რომ მარჯვენა გაცილებით მძიმედ აქვს დაზიანებული.
ამ ეპიზოდს აქ დავასრულებ და შემდეგ ისევ დავუბრუნდები.
მზია ამაღლობელი პოლიციაში მეორე შებრუნების შემდეგ გახდა პირადი შურისძიების, დამამცირებელი და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლი.
ჩვენ გავავრცელეთ ვიდეომასალა, სადაც ნათლად ისმის ირაკლი დგებუაძის გინება და მუქარა – „სისხლით დავიჭერთ“;
პოლიციის შენობაში შეყვანისას დაკარგულ ფეხსაცმელს რომ ვაწვდიდით, პოლიცია არ გვართმევდა, „არ დასჭირდებაო“ და მაინც შევაწოდეთ;
მათ ხელში მყოფ მზია ამაღლობელთან 3 საათზე მეტი ხნის განმავლობაში არ შეუშვეს ადვოკატი (ეს დაადასტურა სასამართლო სხდომაზე პროკურორმა);
ნახევარი საათის განმავლობაში სულ მცირე სამჯერ მის საცემად გაიწია ირაკლი დგებუაძე, რომელსაც აკავებდნენ პოლიციელები, პარალელურ რეჟიმში აგინებდა მზიას;
ირაკლი დგებუაძემ სახეში შეაფურთხა მზია ამაღლობელს;
მზიას არ აძლევდნენ წყალს;
მზიას არ აძლევდნენ ტუალეტით სარგებლობის უფლებას.
რაც შეეხება თქვენს შეფასებას ფაქტების „არცოდნის“ გარეშე, რომ თურმე ხელის გარტყმა პოლიციელზე თავდასხმაა, მომავალში უნდა იცოდეთ, რომ საქართველოს სასამართლო პრაქტიკითაც და საერთაშორისო პრაქტიკითაც ის ქმედება, რაც ვიდეოში ჩანს, არ კვალიფიცირდება, როგორც დანაშაული! შესაბამისად, მზიას მიმართ ამ მძიმე ბრალდების წაყენებას აქვს ერთადერთი მიზანი, დააშინონ და გააჩუმონ თავისუფალი მედია, ხოლო თქვენისთანა დეზინფორმატორებს მისცენ ფართო გზა!თქვენ „არ იცით“, მაგრამ მზიას ამბავი სწორად გაიგეს და შეაფასეს შემდეგმა ორგანიზაციებმა:
მედიის განვითარების საინვესტიციო ფონდი [MDIF]
მედია მრავალფეროვნების ინსტიტუტი [MDI]
IREX
საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი
სამხრეთ კავკასიის უფლებადამცველთა ქსელი
„სამოქალაქო უფლებების დამცველები“
„კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის“
„კოალიცია ქალებისთვის ჟურნალისტიკაში“
პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი (ECPMF)
საერთაშორისო ამნისტია
„ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“
„ჟურნალისტთა ევროპული ფედერაცია“
„ჰაინრიხ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასია“
„საერთაშორისო მედიის მხარდაჭერა“
კონსორციუმი „მედია თავისუფლების სწრაფი რეაგირება“
PEN America
PEN International
OBCT
ჟურნალისტთა საზოგადოება [ვარშავა, პოლონეთი]
IRMI – რეგიონული მედიისა და ინფორმაციის ინსტიტუტი [უკრაინა]
მედია მრავალფეროვნების ინსტიტუტი დასავლეთ ბალკანეთში [MDI WB]
IMS [საერთაშორისო მედია მხარდაჭერა]
ეს სია არ არის სრული და განცხადებების რაოდენობა ყოველ დღე იზრდება.გარდა ამისა, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდა თქვენს ხელისუფლებას, შეწყვიტოს რეპრესიული ტაქტიკა კრიტიკოსების გაჩუმებისათვის. ევროკავშირის დელეგაციამ დაგმო მზია ამაღლობლის დაკავება და ხაზი გაუსვა გამოხატვის თავისუფლების გაუარესებას საქართველოში. მათ მოუწოდეს, გაათავისუფლონ ყველა უსამართლოდ დაკავებული პირი, მოუწოდეს სამართლიანი სასამართლო პროცესების ჩატარებისკენ და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ დაუსჯელობა არ უნდა ჭარბობდეს", - წერს ეთერ თურაძე.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ბრძანებით დააკავეს, მას შემდეგ, რაც ამაღლობელმა დგებუაძეს სილა გააწნა. სილის გაწვნის გამო მზია ამაღლობელს რეჟიმი პოლიციელზე თავდასხმას ედავება.
ასევე, 14 იანვარს აღკვეთის ღონისძიების სახით ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა ქუთაისის სააპელაციომ საჩივარი წარმოებაში არ მიიღო.
ფოტო: ინდიგო