„ორშაბათს, მზის ჩასვლისთვის, ჩვენი საზღვრების გავლით მიგრანტების შემოჭრა დასრულდება“ - ეს ხისტი განცხადება დონალდ ტრამპმა ინაუგურაციაზე გააკეთა. ამერიკის 47-ე პრეზიდენტის ეს გზავნილი შემთხვევითი არ არის, რადგან საემიგრაციო პოლიტიკის გადახედვა და ამერიკა-მექსიკის საზღვარზე მიგრანტების უკონტროლო მიმოსვლის მოწესრიგება მისი ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ პირველი გადაწყვეტილებებიც მიღებულია. ამერიკა- მექსიკის 3145 კილომეტრიან სახმელეთო საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა უკვე გამოცხადებულია; ტრამპი პირობა დებს, რომ მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობას დაასრულებს.
ახალი ადმინისტრაციის ამ გადაწყვეტილებებმა ამერიკაში მყოფ ემიგრანტებში, მათ შორის ქართველ ემიგრანტებში, ვისაც საბუთები წესრიგში არ აქვს ბევრი კითხვა გააჩინა. ახლა ყველა მოლოდინის რეჟიმშია. მათ შორის ემიგრანტები, მიგრაციის მსურველი საქართველოს მოქალაქეები და ტურ-ოპერატორები, რომლებიც ამერიკა -მექსიკის საზღვარზე მოქალაქეებს გადაყვანაში ეხმარებიან ანუ ე.წ. „ გადამყვანები“ არიან.