ბრიუსელში, დღეს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება, რომელზეც, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხიც განიხილება. ინფორმაციას ევროპული საბჭო ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, განხილვის მთავარი თემა, ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები იქნება, თუმცა, შესაძლოა, მინისტრებმა ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის სავიზო რეჟიმის შეჩერების საკითხიც განიხილონ.
მანამდე, 24 იანვარს, "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა, რიკარდ იოზვიაკმა დაწერა: "EU-ის ელჩებმა მწვანე შუქი აანთეს ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის სავიზო რეჟიმის შეჩერებაზე".
"საგარეო საქმეთა საბჭო განიხილავს მიმდინარე საკითხებს, ყურადღებას გაამახვილებს ბოლოდროინდელ მოვლენებზე და უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში სწრაფად ცვლად ვითარებაზე. ამ პუნქტის ფარგლებში მინისტრები მოლდოვასა და საქართველოში განვითარებულ მოვლენებს შეეხებიან", - ნათქვამია ინფორმაციაში.
გარდა ამისა, ევროპელი მინისტრები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას, ასევე მოლდოვის საკითხსაც განიხილავენ. ამასთან, საგარეო საქმეთა საბჭო ევროკავშირისა და აშშ-ის ურთიერთობების შესახებაც იმსჯელებს. მინისტრები ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის სირიაში, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსაც განიხილავენ.