ზარზმის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ნიკოლოზ გეწაძე, რომელიც ქალებმა სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ, ახალციხის მერიაში დასაქმდა. კერძოდ, 2024 წლის 26 დეკემბერს, არქიმანდრიტი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებული ახალი ა(ა)იპ "სკოლისგარეშე სახელოვნებო - საგანმანათლებლო დაწესებულება - წმ. სერაპიონ ზარზმელის სახელობის აკადემია - ზარზმის" დირექტორად დაინიშნა. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
მანამდე, "შაბათის მთავარმა" მოამზადა მასალა, რომლის თანახმადაც არქიმანდრიტ ნიკოლოზ გეწაძეს, ახალგაზრდა ქალები სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. სავარაუდოდ საუბარია 5–ზე მეტ ადამიანზე. "მთავარმა არხმა" ძალადობის 3 მსხვერპლიც ჩაწერა. ახალგაზრდა ქალები, ვინც წლების განმავლობაში მამაოს მრევლი იყვნენ და აღსარებასაც აბარებდნენ, მათ სექსუალურად წლების განმავლობაში ავიწროვებდა. ქალები ჰყვებოდნენ, რომ არაერთხელ იყო შემთხვევა, როდესაც არქიმანდრიტი აღსარების ჩასაბარებლად მრევლს სახლში იბარებდა და მათ სექსუალურ ურთიერთობას სთხოვდა. მათი განმარტებით, ბოლო შემთხვევა გასული წლის სექტემბერში მოხდა. "მთავარმა არხმა" აუდიოჩანაწერიც მოიპოვა, სადაც ზარზმის მონასტრის წინამძღვარი ადასტურებს, რომ ასეთ ფაქტს მისი მხრიდან ადგილი ნამდვილად ჰქონდა.
1-ელ თებერლავს, არქიმანდრიტი ნიკოლოზ გეწაძე "შაბათის მთავარმა" იპოვა, თუმცა ის დაიმალა და მის მიმართ არსებულ არაერთ კითხვასაც არ უპასუხა.
გარდა ამისა, ზარზმის მონასტერში მომხდართან დაკავშირებით, ინფორმაცია სოციალურ ქსელში 3 იანვარს დეკანოზმა, ილია ჭიღლაძემ გაავრცელა - ჭიღლაძის ცნობით, ნიკოლოზ გეწაძეს სასულიერო პირისთვის შეუფერებელი საქციელის გამო, მღვდელმსახურება შეუჩერეს.
ფოტო: სამხრეთის კარიბჭე