აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ, ახლადდანიშნული გენერალური პროკურორის, პემ ბონდის ბრძანებით, "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის" იგივე FARA-ს აღსრულება იზღუდება. ინფორმაციას NBC NEWS-ი ავრცელებს.
ასევე, ბრძანება ზღუდავს FARA-ს დარღვევისთვის სისხლის სამართლის დევნას და განსაზღვრავს, რომ ასეთი საქმეები უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ იმ შემთხვევებით, როდესაც სავარაუდო ქმედებები ტრადიციული ჯაშუშობის მსგავსია და უკავშირდება უცხო ქვეყნის მთავრობებს.
გარდა ამისა, ბონდის განკარგულებით FBI-ს (ფედერალური საგამოძიებო ბიურო) უცხოური გავლენის შესახებ ოპერატიული ჯგუფი უქმდება.
როგორც ბონდის განკარგულებაშია ნათქვამი, "უფრო აქტუალური საკითხებისთვის რესურსების გასათავისუფლებლად და პროკურორების უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკების თავიდან ასაცილებლად, საგარეო გავლენის ოპერატიული ჯგუფი უნდა გაუქმდეს".
ბრძანებაში ასევე აღნიშნულია, რომ იუსტიციის დეპარტამენტის პროკურორები "სანაცვლოდ უნდა ფოკუსირდნენ სამოქალაქო აღსრულებაზე, მარეგულირებელ ინიციატივებზე და საზოგადოებრივ ხელმძღვანელობაზე".
ბრძანებაში წერია, რომ ამ პროექტებზე მომუშავე პერსონალი გადანაწილდება ნარკოკარტელებისა და ტრანსნაციონალური კრიმინალური ორგანიზაციების წინააღმდეგ საბრძოლველად. ოფიციალური პირების თქმით, უკვე დაწყებული კონფისკაციის საქმეების განხილვა გაგრძელდება.