ყველაფერი სრულიად კანონიერია, ჩვენ ყოველთვის ბანკებს ვუწესებთ სანქციას და ჯარიმას, როდესაც აუცილებელია - განუცხადა მედიას თბილისის საქალაქო სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ, სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.
ჟურნალისტებმა თურნავას მის შესაძლო დასანქცირებაზეც ჰკითხეს, რაზეც მან უპასუხა: "ნუ წუხხართ".
დღეს მან ჩვენება გიორგი ბაჩიაშვილის ბრალდების საქმეზე მისცა. სხდომა მოსამართლის გადაწყვეტილებით, დახურული იყო. თურნავას სხვა კომენტარი არც შესვლამდე და არც გამოსვლის შემდეგ აღარ გაუკეთებია.
თავად გიორგი ბაჩიაშვილმა კი სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ თურნავამ უნდა ახსნას, ნახა თუ არა რამე დოკუმენტი, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ამტკიცებს ივანიშვილის ინვესტორობას. მისივე თქმით, „ქართუ ბანკის“ დაჯარიმების საკითხი ძალიან დიდ კითხვის ნიშანს აჩენს.
„ქართუ ბანკი“ ეროვნულ ბანკს 2006 წლიდან არ დაუჯარიმებია. შესაბამისად, ვერ დააჯარიმებდა ვერც ნათია თურნავა და ვერც სხვა ეროვნული ბანკი იმიტომ, რომ როგორც მოგეხსენებათ, ივანიშვილი პირადად მართავს ეროვნული ბანკის მმართველებსაც, პროკურატურასაც, მოსამართლეებსაც, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში დააჯარიმებდა, თუ ეს ივანიშვილს დასჭირდებოდა. ეს არის სწორედ ის შემთხვევა, როდესაც ივანიშვილს დასჭირდა. ამიტომაც იქნება ძალიან ბევრი კითხვა ნათია თურნავასთანაც“,- განაცხადა ბაჩიაშვილმა.
შეგახსენებთ, ივანიშვილი ბაჩიაშვილს 8000-მდე ბიტკოინის მითვისებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება.