დაკავებულები მთავარ ფიგურანტად მიმალვაში მყოფ პირს ასახელებენ | პროკურორი ორთაჭალაში მომხდარი მკვლელობის დეტალებს ასაჯაროებს

გამოქვეყნდა:

ორთაჭალაში მომხდარი თამაზ მთივლიშვილის მკვლელობის საქმის პროკურორის, ლევან ვეფხვაძის განცხადებით, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული სამი პირი საქმის მთავარ ფიგურანტად გიორგი პაპაშვილს ასახელებს.

როგორც ვეფხვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პირველადი ინფორმაციით, თამაზ მთივლიშვილის გარდაცვალების მიზეზი თავის ტვინში სისხლჩაქცევები და შეშუპებაა. მისივე თქმით, ცნობილია მკვლელობის მოტივიც, თუმცა, პროკურორი მას გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ასახელებს.

„ამ ეტაპზე, გამოძიებით დადგენილია, რომ გარდაცვლილი მოკლულია განსაკუთრებული სისასტიკით. შესაბამისად, ერთ-ერთ ძებნილ ბრალდებულს ბრალი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულისთვის წარედგინა. რაც შეეხება დანარჩენ ოთხ ბრალდებულს, მათ შორის, ერთ ძებნილ ბრალდებულს, რომელმაც მეორე ბრალდებულთან [გიორგი პაპაშვილი] ერთად დატოვა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 2025 წლის 19 თებერვალს.

ამ ეტაპზე ჩატარებულია ათეულობით საგამოძიებო მოქმედება, თუმცა, ჩასატარებელია კიდევ ასეულობით საგამოძიებო მოქმედება. ამოღებულია სხვადასხვა ლოკაციიდან კამერების ჩანაწერები, დასაკითხია არაერთი მოწმე, ამოღებულია მობილური ტელეფონები, დასანიშნია ათეულობით ექსპერტიზა. საბოლოოდ, რა კვალიფიკაციით წავა საქმე ბრალდებულების წინააღმდეგ, გამოძიებით მოპოვებული მტკიცებულებების შედეგად გახდება ცნობილი.

112-ში დარეკა ბრალდებულის [პაპაშვილის] დედამ. სახლი, სადაც მკვლელობა მოხდა ბრალდებულს დროებით მფლობელობაში ჰქონდა. მან აღმოაჩინა გარდაცვლილი 20 თებერვალს და დარეკა 112-ში.

გარდაცვალების მიზეზი, პირველადი ინფორმაციით, არის თავის ტვინში სისხლჩაქცევები და შეშუპება. როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა საფეთქელი ჰქონდა დაზიანებული გარდაცვლილს. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია 38 ნივთმტკიცება. მათ შორის ბლაგვი საგანი, რომელიც გამოიყენა ბრალდებულმა, გარდა იმისა, რომ ხელებს და ფეხებს ურტყამდა. დაინიშნება ბიოლოგიური ექსპერტიზა და დადგინდება ვისი და რა კვალია ამ საგანზე.

მოწმეთა ჩვენებებით, ოპერატიული და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ პაპაშვილია საქმის მთავარი ფიგურანტი. დანიშნული ექსპერტიზები და აღებული ნიმუშები გაამყარებს ამ გარემოებას. ასევე, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული სამი პირი მას ასახელებს.

მკვლელობის მოტივი ცნობილია, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი საგამოძიებო მოქმედებაა ჩასატარებელი და საკითხი კომპლექსურადაა შესასწავლი, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ მოტივს ვერ დავასახელებ“, - განაცხადა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ. [ipn]

შეგახსენებთ, ორთაჭალაში, 22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ 5 პირს მოსამართლე თამარ მახარობლიძემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებულია სამი პირი - ვერიკო კაპანაძე, ლუკა გვენეტაძე და საბა რობაქიძე. მათ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.

იგივე ბრალდება აქვს  ბაირამ ალი გუსეინოვს, რომელიც მიმალვაშია. გაქცეულია განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილიც.

მოსამართლემ დაუსწრებლად პატიმრობა მათაც შეუფარდა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი